ეს წვრილმანი თაღლითობა და ქურდობა არის რეალური მაჩვენებელი მათი უსუსურობის, მათი შიშის და მცდელობის, რომ დაასუსტონ თითქოს ოპოზიცია არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ ყველგან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა, რასაც დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის გამარჯვების ეშინია.
„ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ ჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ მათ ნამდვილად ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში, შემდეგ სესიაზე უნდა შექმნილიყო საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში. ჩვენ ბატონ ბადრი ჯაფარიძესთან და შალვა ნათელაშვილთან ერთად, რომელიც პარლამენტში შემოსვლას აპირებდა, არაერთხელ ვთქვით, რომ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის ინიციატივას და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიას. ამ კომისიის შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები ჩამოართვას „ლელოს“ ფრაქციის თავმჯდომარეს ბადრი ჯაფარიძეს, რომელის მიმართაც ძალიან დიდი ხანია ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მანდატის ჩამორთმევა ნიშნავს პოლიტიკური მართლმსაჯულების გაგრძელებას, ასევე, შალვა ნათელაშვილს, რომელიც რეალურად მზად იყო თავისი პარტიის ინტერესები წარმოედგინა საქართველოს პარლამენტში.
მინდა „ქართულ ოცნებას“ მივმართო, რომ ქართული ოპოზიცია არა მხოლოდ პარლამენტში, ბრძოლას არსად შეწყვეტს. ჩვენ უფრო გავძლიერდებით და გავაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიაზე მუშაობას; უკრაინელ კოლეგებთან მუშაობას, რადაში გაიმართება მოსმენები და ჩვენ ჩავალთ, მოვუყვებით ყველას არა მხოლოდ რადაში, ბრიუსელშიც მიხეილ სააკაშვილზე სპეციალური მოსმენების ჩანიშვნას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს რა რეჟიმი და პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს საქართველოში. ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის და წვრილმანი ქურდების, კლეპტოკრატიული რეჟიმის ადგილი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.