არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი საქართველო", ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის წევრებს ოფიციალური წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა დაარღვევს მის პასიურ საარჩევნო უფლებას, მანდატის მდგრადობას და იქნება მისი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
„საქართველოს პარლამენტი განიხილავს პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი გულისხმობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ვალდებულებას სრულყოფილად გამოიკვლიოს და პლენარული სხდომისთვის მოამზადოს საკითხი. მიუხედავად ამისა, თქვენს წინაშე წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე: კომიტეტმა არ უპასუხა საკითხს იმის შესახებ, რომ ბადრი ჯაფარიძე მსჯავრდებულია ხანდაზმული ქმედების ჩადენაში, განთავისუფლებულია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან (მათ შორის, არ ეზღუდება საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც კი) და არ ითვლება ნასამართლევად. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება.
კომიტეტმა არ უპასუხა საკითხს იმის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში არ ილახება ამომრჩევლის ინტერესი, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის წევრად არჩევის მომენტისთვის მისი ამომრჩევლებისთვის ცნობილი იყო ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართალწარმოების შესახებ, რასაც ხელი არ შეუშლია მისი არჩევისთვის. აღნიშნული საკითხების მხედველობაში მიღებაზე უარის თქმა კომიტეტის თავმჯდომარემ ახსნა იმ გარემოებით, რომ ეს საკითხები პლენარული სხდომის ფარგლებში უნდა იქნას გათვალისწინებული პარლამენტის წევრების მიერ. შესაბამისად, წარმოგიდგენთ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ სამართლებრივ მოსაზრებას დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა დაარღვევს მის პასიურ საარჩევნო უფლებას, მანდატის მდგრადობას და იქნება მისი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“, - ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკატერინე ციმაკურიძის წერილში.