ნათქვამს სწორედ გაგება და სწორედ აღქმა სჭირდება - პრემიერმა ისაუბრა “მწვანე პასპორტებთან” მიმართებით, რამეთუ, “მწვანე პასპორტის” ძირითადი შემადგენელი და განმაპირობებელი იყო გადატანილი ინფექცია, ვაქცინაცია და ტესტირება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, “მწვანე პასპორტი” ქმედითი ვერ იქნებოდა, თუმცა ვაქცინაცია აუცილებელ პირობად რჩება.
“ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვაქცინაცია ვერ უზრუნველყოფდა იმ პირობის შესრულებას, რასაც “მწვანე პასპორტი” გულისხმობდა. “მწვანე პასპორტთან” მიმართებით სწორედ ეს იყო, რომ ეს რეგულაცია არ იყო მყარი და ვერ იქნებოდა ქმედითი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ერთადერთი აუცილებელი პირობა იმისა, რომ პაციენტები და მათი ჯანმრთელობა იყოს დაცული და დავასრულოთ პანდემია”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.
„ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.