ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი.
ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საქართველოში განვითარების ამ ეტაპზე ბევრი პრობლემაა, რომელსაც გადალახვა სჭირდება.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება საჭიროა.
„ჩვენ გვინდა სოციალურად დაუცველებს ამ პროექტით შემოსავლის ზრდის დამატებითი შესაძლებლობები გავუჩინოთ, ანუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ზუსტად დასაქმების მხრივ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 200 ათასზე მეტი მოქალაქე არის შრომისუნარიანი, რომელსაც ზრუნვის სხვა პრობლემები არ სჭირდება და მათ შეუძლიათ დასაქმებაში ჩართვა. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო რესურსი და ამავე დროს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც განვითარების ამ ეტაპზე ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასალახი. მათ შორის, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული და საჯარო საჭიროებები არის ამ ქვეყანაში მოსაგვარებელი.
ტემპი, რომლითაც ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არავისთვის არ არის რადგან ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მემკვიდრეობა 90-იანი წლების სამოქალაქო ომიდან თუ ტერიტორიების დაკარგვიდან მოყოლებული. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია გვჭირდება, როგორც შიდა, ისე გარე, რომ ეკონომიკა იმგვარად დავაჩქაროთ, რომ შედეგები მივიღოთ.
ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, შეგვიძლია ეფექტიანად გამოვიყენოთ და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასე რომ, ათობით ათასი სამუშაო ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, უკვე არის ათობით ათასი სამუშაო ადგილი იდენტიფიცირებული. როგორც პრემიერმა განაცხადა, დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილის მობილიზებას წლის განმავლობაში შევძლებთ. რატომ საზოგადოებრივი დასაქმება? რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული სამუშაო ადგილები, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.