სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილური შეუნარჩუნა - რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო და ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური BB რეიტინგი, ეს იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები და ესეც მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მოსახლეობის დაკვეთა და ასევე, მთავრობის მთავარი ამოცანა ეკონომიკის სწრაფი ზრდაა, რის შედეგადაც მოსახლეობას ექნება დასაქმების და მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
„2021 წელი ვაჭრობის კუთხით იყო რეკორდული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და 2022 წლის იანვარში დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა. ექსპორტი გაზრდილია 47,6%-ით, რაც 331 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ასევე გაზრდილია იმპორტი 38,5%-ით და ეს არის 778,1 მილიონი დოლარი. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2022 წლის იანვარში იყო რეკორდულად მაღალი და მან შეადგინა 1 მილიარდ 109,4 მილიონი დოლარი. ამავე დროს, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილური შეუნარჩუნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის აღდგენის კუთხით და ინვესტორებისთვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და განაგრძობს განვითარებას. რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სანდო და ეფექტური პოლიტიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილური BB რეიტინგი, ეს იყო ძლიერი მმართველობის ინდიკატორები და ესეც მიუთითებს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ჩვენი განწყობა არის, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება შევძლოთ და არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ აღდგენაზე ვიზრუნოთ, დავუბრუნდეთ პანდემიამდე მაჩვენებლებს - ეს არ არის ჩვენი ამბიცია, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგად, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. დღეს მთავრობაზე გავიტანეთ არა ერთი პროექტი განახლებადი ენერგიის სხვადასხვა პროექტი - ეს არის როგორც ქარის, ისე მზის და ჰიდროენერგიის პროექტები, ეს არის როგორც ხელშეკრულებებში ცვლილებები, დაკორექტირება, ისე ახალი ხელშეკრულებები შესწავლაზე, პროექტის განხორციელებაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე - ჯამურად ეს განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე, რომელიც მხოლოდ დღეს გავიტანეთ მთავრობის სხდომაზე არის 160 მეგა ვატი და ეს არის დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია. ჩვენ ასევე, გვექნება ბევრი საპრივატიზაციო გადაწყვეტილება და ასევე, ენერგეტიკული პროექტი იმისთვის, რომ ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში ამ სექტორებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - განაცხადა დავითაშვილმა.