„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ინფორმაციას „ფეიკნიუსს“ უწოდებს.
როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინული კანონმდებლობით, თუკი განაცხადს შეიტან, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ავტომატურად ხდება.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახურავიდან ძალით ჩამოიყვანეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ძალით ჩასვეს, რატომღაც მაშინ არ შეიტანა განცხადება დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
დანაშაული, რომლის საფუძველზეც საქართველოს მართლმსაჯულების მიერ სააკაშვილის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ჩადენილია საქართველოში. განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამართლებრივი ნონსენსია, რომელიმე სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებამ დაზარალებულად ცნოს ადამიანი, რომელმაც დანაშაული სხვა ქვეყანაში ჩაიდინა - თან იმ ქვეყნის მოქალაქემ და პრეზიდენტმა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.