თუ იმ ვითარებაში, რომელიც პრეზიდენტმა აღწერა სოციალური, პოლიტიკური თუ დემოკრატიული მიმართულებით, კომფორტში ყოფნაა საზრუნავი და მთავარი ამოცანაა, რომ დილა-საღამოს ძაღლი გაასეირნო, მაშინ რა თქმა უნდა, კრიტიკული ვიქნები და არ მექნება ნდობა პროცესის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ეროვნულ თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
პაატა მანჯგალაძის განმარტებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს სურვილი ისტორია გადაფასდეს და ამბიცია, რომ ისტორიაში შევიდეს, თუმცა „ასეთი გაუბედავი ნაბიჯებით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ ეწინააღმდეგება, საზოგადოების მხარდაჭერას ვერაფრით ვერ მოიპოვებს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის სურვილია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, საკუთარ სიტყვას ამბობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, გამოირჩეოდეს რისკიანი გადაწყვეტილებებით და იყოს საზოგადოების არბიტრი. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ცდილობს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იყოს თვითონაც და კომფორტი შეუქმნას „ქართულ ოცნებას“. თუ იმ ვითარებაში, რომელიც პრეზიდენტმა აღწერა, სოციალური, პოლიტიკური თუ დემოკრატიული მიმართულებით, კომფორტში ყოფნა არის საზრუნავი და მთავარი ამოცანა, რომ დილა-საღამოს ძაღლი გაასეირნო, მაშინ რა თქმა უნდა, კრიტიკული ვიქნები და არ მექნება ნდობა პროცესის მიმართ. როდესაც ჩვენ პრეზიდენტს შევხვდით მან გვითხრა, რომ აქვს სურვილი ისტორია გადაფასდეს და დავინახე ამბიცია, რომ სურს ისტორიაში შევიდეს. თუმცა ასეთი გაუბედავი ნაბიჯებით, როდესაც არაფერში არ ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნებას“ ვერაფრით ვერ მოიპოვებს საზოგადოების მხარდაჭერას. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი ერთხელ მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
მან ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ე.წ. ქოლგა პარტია იყოს.
მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციამ ერთიანობით უნდა შეცვალოს ხელისუფლება და ეს ცალკეული პარტიისათვის გამორიცხულია, თუმცა კოალიციაში მყოფმა პარტიებმა ასევე უნდა იზრუნონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოჩნდეს მთავარ პარტიად და საფრთხედ, როგორსაც „ქართული ოცნება“ ხატავს.
მისივე თქმით, ოპოზიცია მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკასა და მხილებაზეა გადართული, მაგრამ რითი ჯობიან „ქართულ ოცნებას“, ან რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამის შესახებ ოპოზიციაში საუბარი ყველაზე ნაკლებად მიმდინარეობს.
,,2018 წლის არჩევნებზე ოპოზიციის ბევრმა კანდიდატმა „ქართულ ოცნებას“ წაართვა მილიონი ხმა, მაგრამ მარტო დარჩენილმა ვაშაძემ მიიღო 780 000 ხმა. როდესაც ოპოზიცია თემატურად მივყვებით კონკრეტულ პრობლემებს, მოვიპოვებთ ნდობას, ჩვენ მხოლოდ გადართული ვართ ხელისუფლების კრიტიკასა და მხილებაზე, მაგრამ რით ვჯობივართ „ქართულ ოცნებას“ ან რას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამის შესახებ საუბარი ყველაზე ნაკლებად მიმდინარეობს.
ოპოზიციამ ერთიანობით უნდა შეცვალოს ხელისუფლება, ეს ცალკე გამორიცხულია, არ გვექნება ფუფუნება, რომ 20-30% მხარდაჭერის მქონე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარი ვთქვათ, მაგრამ უნდა დავშალოთ ხელისუფლების რიტორიკა რომელიც ხალხს ეუბნება - ამაზე ცუდად იქნებით, მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენს ცუდ ყოფას ზემოდან დაემატება კიდევ ძალადობაო. ამიტომ, ერთ პარტიაში კი არ უნდა გავერთიანდეთ და გავაძლიეროთ ეს ნარატივი, არამედ ყველაფერი მრავალფეროვნად უნდა იყოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოჩნდეს მთავარ პარტიად და საფრთხედ, რასაც ხატავს „ქართული ოცნება“. კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც არავის არ ექნება ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დავამკვიდროთ ქვეყანაში დემოკრატია“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.