„გაერთიანებულ სამეფოში ნაყოფიერი ვიზიტი შედგა - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დიდ ბრიტანეთს ეწვია და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულობას ხაზი ამ კუთხითაც გაესვა. შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ“,- ასე აფასებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, კარგი თანამშრომლობა აქვთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, საპარლამენტო დონეზე - საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით.
„შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და ამ ურთიერთობის განვითარება. ასევე, შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდში“, რომელიც პარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ფონდის დახმარებით, დაინერგა საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა საკომიტეტო მოკვლევა და თემატური მომხსენებლები. ესეც ერთ-ერთი შედეგია გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობენ.
დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია შედიან.