დააგვიანეთ-თქო, უთხარით ეკა გიგაურს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც - თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ-თქო, გადაეცით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას არ შეუწყვიტონ მანდატი ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„კარგი იქნებოდა, როცა პარლამენტი შეიკრიბა, მაშინ ყოფილიყო მათი მოწოდება ყველა დეპუტატისთვის, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რასაც აკეთებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ ვიტყოდი, რომ ობიექტურად მსჯელობენ და აზროვნებენ, ახლა ვერ მივიღებ, დააგვიანეთ-თქო და თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ-თქო, გადაეცით“, - განაცხადა ზარქუამ.
ის ასევე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" გადაწყვეტილებას გახსნან საპარლამენტო ოფისი და აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილს სხდომის ჩანიშვნამდე თავისუფლად აქვს შესაძლებლობა მივიდეს პარლამენტში.
„შალვას გადაეცით, რომ ოფისი კი არა კაბინეტი ჰქონდა და ახლაც აქვს, სამშაბათს სესიაზე გადაწყდება შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება. არანაირი ზედმეტი ოფისების გახსნა, ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული, ისევე როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა, ასე რომ შეეშვას ამ სისულელეებს, მობრძანდეს, ეს დღეები სანამ ჩაინიშნება სხდომა, აქვს შესაძლებლობა,"- განაცხადა ზარქუამ და დასძინა, რომ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, მისი პოზიციაა, რომ ნათელაშვილი მანდატს არ იმსახურებს.