გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იმყოფება.
დეპუტატის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
„შეხვედრებზე საუბრის მთავარი საკითხი იყო დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, განსაკუთრებით, უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს მიმართ. აქცენტი გავაკეთეთ როგორც უკრაინის მხარდაჭერაზე, ასევე, იმ გაუარესებულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოშია რუსული ოკუპაციიდან გამომდინარე. ასევე ვისაუბრეთ ერთიანი მიდგომით ევროპის მხრიდან რუსეთის შეკავების საჭიროებაზე. კიდევ ერთხელ მივიღეთ როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, ევროპული უსაფრთხოების პერსპექტივისთვის.
ამ ვიზიტის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს იმ დროში, როდესაც დღეს მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ არ დაუშვას ომი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ. ამ კუთხით საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია, განსაკუთრებით, ოკუპაციასა და მცოცავი ანექსიის პირობებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არის მნიშვნელოვანი გზავნილი. ასევე მნიშვნელოვანია დასავლეთის და გაერთიანებული სამეფოს პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემასთან დაკავშირებით.
ასევე, ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და პოლონეთს შორის შექმნილ ახალ ალიანსსა და ერთიან ძალისხმევაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ევროპაში ახორციელებს უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის", სადაც დემოკრატიის განმტკიცებაზე, პარლამენტის გაძლიერებასა და ინსტიტიციურ რეფორმებზე იმსჯელეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.