რაც სააკაშვილი პოზირებდა სხვადასხვა ოთახებიდან, უკრაინის სხვადასხვა ვილებიდან, მე მგონია, რომ ეს უნდა იყოს საფუძველი, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრას, ამას გეუბნებით რიგითი ზარქუა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს სააკაშვილის უკრაინაში არსებული ვილები და აპარტამენტები იძლევა, რომელიც დიდი ალბათობით პრეზიდენტ პოროშენკოს საჩუქარი არ არის.
„მგონია, რომ ძალიან მარტივი კვლევა შეუძლიათ გააკეთონ, მათ შორის, თქვენს ჟურნალისტებსაც, აიღეთ ოჯახის წევრები, უახლოესი გარემოცვა და აბა, ჩამოყევით იუსტიციის სახლში, რა არის გადაფორმებული. ახლა უკრაინაში, აბა, ნახეთ ის სახლები, მათ შორის, თურმე დედამისის ხელფასით რომ იყიდა, რამდენ მილიონად არის შეფასებული, თუ თქვენ გგონიათ, რომ პოროშენკომ აჩუქა?! აბა, აიღეთ კიევის ცენტრში აპარტამენტები - ასე რომ, ძალიან მარტივია. თემა რაც იხილებოდა დღეს სასამართლოში, რამდენი მილიონის გადახარჯვა აქვს ადამიანს და რა თემებია იქ - მასაჟში გადახდილი აქვს 117 ათასი ლარი, ეს ნორმალური გგონიათ ? ის, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, კეზერაშვილის ნაწილში, მათ შორის უგულავას ნაწილში, მათ შორის იმ ქონებების ნაწილში, რაც მათ გადაიფორმეს, ამაზე უნდა დაიწოს გამოძიება, უნდა იყოს შესაბამისი მსვლელობები - მიდის მტკიცებულებების შეგროვება, არგუმენტაცია და შემდეგ, ალბათ ვიხილავთ კიდეც. მე თუ მკითხავთ, ამის საფუძველი არის, რაც ის პოზირებდა სხვადასხვა ოთახებიდან, უკრაინის სხვადასხვა ვილებიდან, მე მგონია, რომ ეს უნდა იყოს საფუძველი, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრას, ამას გეუბნებით რიგითი ზარქუა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მან სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯობს მილევად რეჟიმში გადასულმა ოპოზიციამ თავის პარტიებს მიხედოს, რადგან ღარიბაშვილი არის ძლიერი გუნდის ძლიერი ლიდერი.
„მეუხერხულება ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარი, მაგრამ ჯობს თავიანთ პარტიას მიხედონ, თავიანთ მიმდინარეობას მიხედონ, რომ მილევად რეჟიმში არიან გადასულები, რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ. პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია თავის მინისტრთა კაბინეტში ვისთან ერთად უნდა, რომ შედეგი იქნას მიღწეული. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რამე ცვლილებები კიდე მოხდება. თუ მოხდება, ექნება შესაბამისად ახსნა-განმარტება და თქვენც და მეც მოგვეცემა შესაძლებლობა ამაზე კომენტარი გავაკეთოთ. ახლა ასე ბოლო ერთი წელია მათ შორის პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ათჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული, მაგრამ პრემიერი ღარიბაშვილი არის ძლიერი გუნდის ძლიერი ლიდერი, აქვს კონკრეტული შედეგები და ჩვენ ერთად ვართ ძლიერი გუნდი. დაქსაქსულობა, ჩასაფრებულობა - ეტყობა ოპოზიციაში თავის დროზე ასე იქცეოდნენ და მე მესმის მათი, იქ რაღაც კლანი იყო, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ჩვენ არ გვაქვს ეს გამოწვევა, ჩვენ ვართ ერთიანი როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს, თუმცა ეს ნორმალური მგონია, მაგრამ როდესაც ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ყველა ერთხმად გვერდიგვერდ ერთიანი საქართველოსთვის ვიბრძვით“,- განაცხადა ზარქუამ.