საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, აქტუალური თემაა, თუ როგორ ითანამშრომლებს მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობასთან“ და ახალ რეალობაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან.
რადგან ახლა პარლამენტში ყველაზე აქტუალური საკითხებია შეიქმნება თუ არა მესამე პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, ასევე 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი და ასევე „ლელოს“ მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული კომისია.
სავარაუდოდ, მოქმედების რა გზას აირჩევს მმართველი გუნდი - მხარს დაუჭერს ამ კომისიების შექმნას, თუ პირიქით, ხელ შეუშლის არა მხოლოდ მათ შექმნას, არამედ მათ საქმიანობასაც?
- მმართველი გუნდი შეეცდება პარლამენტში ოპოზიცია შეინარჩუნოს იმ სტატუსით, რაც სტატუსითაც და რა ფორმატითაც ის აქამდე საქმიანობდა. გასაგებია, რომ დღეს ოპოზიცია ქუჩაში არაა, მაგრამ მმართველი გუნდი ეცდება პარლამენტში შესულ ოპოზიციას შეუნარჩუნოს ის სახე, რომელიც მას ქუჩაში ჰქონდა. მმართველი გუნდი ასევე შეეცდება არ დაუშვას პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თუნდაც თემატური ერთიანობა და თანამშრომლობა.
მმართველი გუნდი ეცდება პარლამენტში შესულ ოპოზიციას შეუნარჩუნოს ის სახე, რომელიც მას ქუჩაში ჰქონდა. მმართველი გუნდი ასევე შეეცდება არ დაუშვას პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თუნდაც თემატური ერთიანობა და თანამშრომლობა
არა მგონია მმართველი გუნდი მზად იყოს ოპოზიციასთან სრულფასოვანი თანამშრომლობისთვის. ასე ჩანს, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მომგებიანია ის პოლიტიკური ვითარება და ის განწყობები, რაც საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ზოგადად არის. მმართველი გუნდი შეეცდება, ოპოზიციის მიმართ დღეისათვის არსებული განწყობები შეინარჩუნოს.
რაც შეეხება პარლამენტში შესაქმნელ იმ კომისიებს, რომელთა შექმნა ოპოზიციას უნდა. ჩემი აზრით, ამ კომისიების შექმნაში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს. ოპოზიცია ეცდება შეაგროვოს 50 ხმა კომისიების შესაქმნელად.
ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება კომისიების შექმნაზე საკითხის დაყენების რიგითობა. არაა გამორიცხული, რომ ვთქვათ და ჩავარდა სააკაშვილის საკითხზე კომისიის შექმნის შესაძლებლობა, ამის შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ დანარჩენი ორი - 5 ივლისისა და „ლელოს“ ინიციატივით ანტიკორუფციული კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე უარი განაცხადოს, ან საერთოდ აღარ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. ამიტომაა, როცა ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის თანამშრომლობის იმედი ნაკლებად მაქვს.
მმართველი გუნდი რეგლამენტით იხელმძღვანელებს და ჯაფარიძეს, ნათელაშვილს და ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიან
როგორც ჩანს, ოპონენტებთან ურთიერთობის საკითხში ორივე მხარე ინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც ჰქონდათ 2012 წელს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიზანია პოლიტიკურ ველზე არ დაუშვან მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენა.
- ამ თემას ჩვენ კიდევ შევეხებით. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლითაც დეპუტატებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება.
ჯაფარიძისა და ნათელაშვილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პარტია „ლელო“-მ და „ლეიბორისტებმა“ შესაძლოა დაკარგონ სახელმწიფო დაფინანსება. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხში მმართველი გუნდის პოზიციას?
- შესაძლოა, ფორმალურად ამ საკითხში „ქართული ოცნება“ იყოს სწორი, მაგრამ ეს უკავშირდება ისეთ საკითხს, როგორიცაა აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ითვალისწინებს იგი იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაა, საფრთხეებს, რაც არის ქვეყნის ეკონომიკაში, ზოგადად პოლიტიკურ ვითარებას ჩვენს რეგიონში და ასე შემდეგ. ითვალისწინებს იგი ამ გარემოებებს, თუ რჩება ჩაკეტილ წრეში, რომელშიც ვართ.
ჩაკეტილ წრეში ვგულისხმობ, მხოლოდ შიდა პოლიტიკით დაკავებას და იმას, რომ არ ვიხედებით კავკასიის იქეთ რა ხდება. როგორც ჩანს, ამ გარემოებებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს. როგორ ვთქვი, მას ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ აწყობს.
ამიტომ, ის მარტივად დაიწყებს გათვლას - თუ შეუწყვეტს უფლებამოსილებას ჯაფარიძეს და ნათელაშვილს, ეს მის წინააღმდეგ როგორ იმოქმედებს - უფრო დაკარგავს რეიტინს თუ მოემატება.არჩევნებზე ხმებს დაკარგავს თუ მოემატება.
მმართველი გუნდი რეგლამენტით იხელმძღვანელებს და ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიან
როდესაც რეგლამენტზეა საუბარი, გვინდა არგვინდა უნდა ითქვას, რომ ამაზე მსჯელობა სისტემურ პრობლემებთან მივყავართ. ვინ მიიღო ეს რეგლამენტი? რეგლამენტს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვის იღებს პარლამენტის უმრავლესობა.
ხელისუფლების არგუმენტი, რომ დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე არ დადიოდნენ და ისინი ანგარიშს უწევენ ამომრჩევლის ინტერესებს, ძალიან ზოგადი განმარტებაა. ამ საკითხის მიმართ ასეთი ზოგადი მიდგომა აშკარად არაა სწორი მიდგომა. ამომრჩეველმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია ხელისუფლება დაუქვითოს, მაგრამ, დეპუტატის უფლებამოსილება მოუხსნას იმიტომ რომ ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ, ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდი რეგლამენტით იხელმძღვანელებს და ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილებას მოუხსნიან.
- ბრძანეთ, რომ მმართველი გუნდი ხალხის ინტერესების დაცვის აპელირების თემით იხელმძღვანელებს. მმართველი გუნდი აშკარად არათანმიმდევრული ჩანს ვითარებაში, როცა ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ ადგილობრივ საკრებულოებში უპირატესობა არ აქვთ, ცდილობენ მუნიციპალური ორგანოების მუშაობის პარალიზებას.
ამაში მათ გახარიას გუნდი ღიად ადანაშაულებს. მეტიც, მათივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ „ნაციონალები“ და გახარიას პარტია „დაქორწინდნენ“. პირიქით, სწორედ „ნაციონალები“ და გახარიას გუნდი ხელმძღვანელობენ ხალხის ინტერესებით, რადგან ადგილობრივ ორგანოებში ხალხი შედის განცხადებებით სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის მოთხოვნით.
რას შეიძლება ნიშნავდეს ხალხის სახელით ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტით მოქმედება?
- ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური თამაშის ნაწილი. საქართველოში ყველა ხელისუფლება ასე იქცეოდა. თუ ეტყვი სოციალური მდგომარეობა ურთულეს დღეშია, იტყვიან, ეკონომიკა არაა განვითარებული, მაგრამ, თუ სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებ, დასავლეთის რომელიმე ქვეყნის მაგალითს მოიყვანენ.
ასე იქცეოდნენ ჩვენი ხელისუფლებები, ყველა, გამსახურდიას ხელისუფლების გარდა, რადგან მაშინ სხვა პრობლემები იდგა. როცა ხელისუფლებას სჭირდება დასავლურ მაგალითებს მოიხმობს, როცა სჭირდება იწყებს იმაზე დაუსრულებლად საუბარს, რომ ეკონომიკა არ გვჭირდება. იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა არ აქვს, მას ოპოზიციასთან თანამშრომლობა არ აწყობს.
მას შემდეგ რაც სააკაშვილი დააკავეს, აშშ-ს ელჩს ამ თემაზე ასეთი მკაფიო განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს უფრო უკავშირდება არა იმდენად სააკაშვილს, არამედ ირიბად უკავშირდება იმ რეზოლუციას, რომელიც პარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო. შესაძლოა, ეს ყოფილიყო გამაფრთხილებელი განცხადებაც კი ქართული ხელისუფლების მიმართ
სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უპირატესობა აქვს, მმართველი გუნდი მათთან არ თანამშრომლობს - ან ბოიკოტს უცხადებს საკრებულოს, ან ცდილობს მისი მუშაობა ჩაშალოს.
- გვერდს ვერ აუვლით იმაზე საუბარს თუ რა ხდება ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიაში. „ნაციონალების“ მმართველ გუნდში ცვლილებები კი მოხდა, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ ამ პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება.
მაგრამ, გაუგებარია, „ნაცმოძრაობის“ ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი საუბრობენ ხალხის ქუჩაში გამოყვანის საშუალებით სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობაზე.
ხალხს ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ლოზუნგით ქუჩაში დიდი აქციები ნაკლებად სავარაუდოა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობაში“ ხდება?
- როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაში“ ხდება გარკვეული გადაჯგუფებები. ცდილობენ როგორღაც გადაჯგუფდნენ და როგორღაც ჩამოყალიბდნენ. ამ პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა ის, რომ სააკაშვილი არის ციხეში და უნდა მოხდეს მისი ციხიდან გათავისუფლება. ცხადია, რომ ეს თემა „ნაცმოძრაობისთვის“ ყველაზე აქტუალური საკითხია.
როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობას“ და თავად სააკაშვილს მისი ციხიდან გათავისუფლების ერთადერთ გზად ქუჩის აქციები და ხელისუფლებაზე ზეწოლა ესახებათ. საკმაოდ მნიშვნელოვანი გახლდათ ნიკა მელიას განცხადება - ‘თუ მე არ ვიქნები პარტია „ნაციონალების“ თავმჯდომარე და გია ბარამიძე იქნება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ასე გამოვა ციხიდან სააკაშვილი“?
ამ პროცესის ფონზე მნიშვნელოვანია ვინ რისთვის იყენებს სააკაშვილის გათავისუფლების თემას. არა ვარ დარწმუნებული რომ ყველა გულწრფელად წუხს იმაზე, რომ სააკაშვილი ციხეშია, მთლად ასეც არ უნდა იყოს. ასე ჩანს.
რა თქმა უნდა, პარტიის შიგნით რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ვინ როგორ აქტიურობს, რატომ აქტიურობს, ყველას, მათ შორის მეც ბევრი საკმაოდ არგუმენტირებული შეხედულებები შეიძლება ჰქონდეს.
როგორც ჩანს, ვიღაც ამას მოითხოვს პარტიულ იერარქიაში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად. ვიღაც ცდილობს პოზიციის შენარჩუნებას. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ ეს უნდა თუ არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორ განვითარდება მათთან დაკავშირებული პროცესი და როგორი იქნება მისი ფინალი, ამის გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ლოზუნგით - თავისუფლება მიშას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, მართლაც ნაკლებად სავარაუდოა. ქუჩის ზეწოლით ხელისუფლების იძულება, რომ სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებს, ამის ალბათობაც ფაქტობრივად ნულის ტოლია. დარჩა ერთი ნიუანსი, მაგრამ ეს ნიუანსი არ უკავშირდება მხოლოდ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება-არგამოშვებას.
მხედველობაში მაქვს სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის დეგნანის განცხადება იმაზე, რომ სააკაშვილს არ უნდა შეელახოს ღირსება, მას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარდა უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მას შემდეგ რაც სააკაშვილი დააკავეს, რასაც მე ვაკვირდები აშშ-ს ელჩს ასეთი მკაფიო განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს უფრო უკავშირდება არა იმდენად სააკაშვილს, არამედ ირიბად უკავშირდება იმ რეზოლუციას, რომელიც პარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო. შესაძლოა, ეს ყოფილიყო გამაფრთხილებელი განცხადებაც კი ქართული ხელისუფლების მიმართ.
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი, ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, „ნაცების“ სახით როგორი ოპონენტის ყოლის სურვილი ექნება „ოცნებას“, მაგრამ, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია მას ამ თამაშში არ აყვეს და აქამდე საქმე არ მიიყვანოს
თუ სააკაშვილის თემას დავუბრუნდებით - თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვა, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში მმართველი გუნდის რეიტინგი გაიზრდება. სხვა რა მექანიზმები აქვს „ნაცმოძრაობას“ დაიხსნას ციხიდან სააკაშვილი? არც არაფერი.
თუ სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე ხელისუფლებაზე დასავლეთის ზეწოლა გაძლიერდა, ყველაზე დიდი ალბათობით ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება.
თუ ეს პროცესი ისე გაგრძელდა, რომ სააკაშვილს მოუწია ციხეში დარჩენა, მაშინ ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მაშინ მოხდება ის, რომ „ნაცმოძრაობის“ ახალი ლიდერები, ისინი, ვინც ითხოვენ რომ ქუჩაში იბრძოლონ, ფაქტობრივად ისინი პოლიტიკურად გაკოტრდებიან და „ნაცმოძრაობაში“ ისევ ახალი როტაცია დაიწყება.
ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ რომ ახლა თუ როგორ განვითარდება პროცესები „ნაციონალებში“ დიდწილად მმართველ გუნდზეა დამოკიდებული, რადგან ახლა ბევრი რამ ხელისუფლების ხელშია. თუ „ქართულ ოცნებას“ აწყობს „ნაცმოძრაობის“ ელიტაში მუდმივი როტაციის პროცესი, იგი ამას მიაღწევს.
თუ როგორი იქნება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მომავალი, ეს ბევრწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, „ნაცმოძრაობის“ სახით როგორი ოპონენტის ყოლის სურვილი ექნება „ოცნებას“. მაგრამ, ამ ვითარებაში „ნაცმოძრაობას“ შეუძლია მას თამაშში არ აყვეს და აქამდე საქმე არ მიიყვანოს.
თუ „ნაციონალებმა“ ბრძოლის ქუჩის გზა აირჩიეს, ჩემი შეფასებით „ქართულ ოცნებას“ ბევრი არც არაფერი დაემუქრება
ის ხალხი, ვინც მელიას ადანაშაულებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის პროტესტი არ უნდა შეეწყვიტა და გაეგრძელებინა, ახლა „ნაცმოძრაობის“ მმართველობაში არიან. ახლა ისინი შეეცდებიან ქუჩა ააგორონ. თუ „ნაციონალებმა“ ბრძოლის ქუჩის გზა აირჩიეს, ჩემი შეფასებით „ქართულ ოცნებას“ ბევრი არც არაფერი დაემუქრება.
სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ვთვლი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. სხვათა შორის, ამ კომისიის შექმნაც ახლა ისევ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული
თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ პარლამენტში სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაც არ შეიქმნა, „ნაცმოძრაობის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ვთვლი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. სხვათა შორის, ამ კომისიის შექმნაც ახლა ისევ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.
ოპოზიციაში დღეს რეალურად დგას მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა, მაგრამ თუ ასეთი რამ შეიქმნა, ის უნდა იყოს „ნაციონალებისაგან“ გამიჯვნის, და არა გაერთიანების შედეგი
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ იმის შესაბამისად მიიღებს თუ რა საკითხები ექნება მას გადასაწყვეტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
თუ „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებისთვის დასჭირდა ბევრი წვრილი პარტია, მაშინ ის შეეცდება „ნაცმოძრაობის“ დაშლას, თუ მას დასჭირდა „ნაციონალების“ მთავარ ოპონენტად შენარჩუნება, მაშინ ის შეეცდება „ნაცმოძრაობა“ არ გაძლიერდეს, მაგრამ არც გაკოტრდეს და არც დაიშალოს. ამ თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“ და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც.
- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით გიგი უგულავას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მან განაცხადა - „ნაცმოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის - წარმოიდგინეთ ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს, ვაშაძეს“.
ამ იდეის მოწინააღმდეგეებმა თქვეს, რომ ეს ერთხელ უკვე ვსინჯეთ და არაფერი გამოვიდაო, ბევრის დაკვირვებით, ამ იდეის გაჟღერებით „ნაცმოძრაობა“ როგორ იქნა გაამჟღავნა ერთ პოლიტიკურ ჯგუფად ყოფნის სურვილი არა მარტო გაერთიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ რეალური მესამე ძალა არ გაჩნდეს“.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს უგულავას ამ ტიპის განცხადება?
- ვფიქრობ, რომ უგულავა ცდილობს ადგილი მოიპოვოს „ნაცმოძრაობის“ რიგებში. შეინარჩუნოს გარკვეული პოპულარობა, იყოს აქტიური და შედეგად არჩევნების შემთხვევაში მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში.
რაც შეეხება თავად განცხადების შინაარსს. ყველა ოპოზიციური პარტიების ერთი „ქოლგის ქვეშ“ მოქცევა შესაძლოა სწორიც იყოს, მაგრამ ყველა პატარა პარტიის ერთ ბლოკში გაერთიანებაც არ გამოვა. პატარა პარტიების ამოცანაა გააერთიანოს ელექტორატი, მაგრამ მარტო ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება არ ეყოფა.
უგულავა გულისხმობს მესამე ძალის „ნაცმოძრაობის“ „ქოლგის ქვეშ“ შექმნას. ოპოზიციაში დღეს რეალურად დგას მესამე ძალის შექმნის აუცილებლობა, მაგრამ თუ ასეთი რამ შეიქმნა, ის უნდა იყოს „ნაციონალებისაგან“ გამიჯვნის, და არა გაერთიანების შედეგი.
აბსოლუტურად ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ - ეს ერთხელ უკვე ვნახეთ. ბევრი ამბობდა, რომ ოპოზიცია, რომელიც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდა, პატარა პარტიები დაკარგავდნენ თავის ელექტორატს. ადგილობრივმა არჩევნებმა ბევრის, მათ შორის ჩემი ვარაუდი დაადასტურა. თუ პატარა პარტიების ისევ „ნაციონალების“ „ქოლგის ქვეშ“ იქნებიან, ჩათვალეთ რომ როგორც პარტიები, პოლიტიკურ კარიერას დაასრულებენ.
გუბაზ სანიკიძეს ჰქონდა დიდი ოპოზიციური გაერთიანების იდეა. თუ ასეა, შესაძლოა მართლაც სჯობდეს ყველას ერთ ბლოკში გაერთიანება, მაგრამ ასე „შუის გაკრეფით“ ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება გამარჯვებული, რადგან, მან 2012 წლიდან მოყოლებული „შუა“ ბევრჯერ აქვს გაკრეფილი.
დღეს ოპოზიციას თითქოს მარტივი, მაგრამ რთულად შესასრულებელი ამოცანა აქვს. თუ პატარა პარტიები „ნაციონალების“ გარეშე გააჩენენ მეტ-ნაკლებად მიმზიდველ მესამე ცენტრს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათ ჰქონდეთ წარმატების შანსი.
პარტიების დასახელება არ მინდა, მაგრამ არიან პარტიები, რომელთანაც ერთად ყველა ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება.
თუ ოპოზიციური სპექტრი „ნაციონალების გარეშე შეძლებს ორი მესამე ძალის პრეტენზიების მქონე პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბებას, ეს, ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ კარგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი