„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარტიაში ყოველთვის არის განსხვავებული აზრი და კამათი.
„ნამდვილად არ აპირებს არც პარტია და არც არავინ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. თითიდან გამოწოვილია სახელისუფლებო მედიის მცდელობა, რომ რაღაცნაირად წარმოაჩინონ, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი დაპირისპირებაა, რომელიც არ არის ნორმალური შიდა მსჯელობის ფარგლებში.
მე გუშინაც ვისაუბრე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და კამათი. მომავალშიც იქნება, ამით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის ყურმოჭრილი მონების ბანდისგან, სადაც მარტო ზევით ყურება - „კი ბატონო“ და „მადლობა, ბატონო ბიძინას“ ძახილი იციან.
„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა აზრის და შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა იყო, რომლებსაც აერთიანებთ ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია. ეს არის - ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული განვითარებული, ერთიანი ქართული სახელმწიფო“,- აღნიშნავს ბარამიძე.