აქამდე ხელისუფლება თამაშის რაღაც წესებს ექვემდებარებოდა ჩვენს პარტნიორებთან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ გეოპოლიტიკური ვექტორი აქვს თითქმის შეცვლილი, ამიტომ საუბარი, რომ ხელისუფლება რამეს გააკეთებს, ილუზიაა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მონიტორინგის შეფასების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
უგულავას არ აქვს იმედი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების მიმართულებით ხელისუფლება რაიმე ნაბიჯს გადადგამს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არცერთ დემოკრატიულ რეფორმას არ ჩაატარებს.
"არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ სრულყოფილება ყველაზე დიდი ეშმაკია. როდესაც დოკუმენტებზე ვსაუბრობთ, ყველა დოკუმენტი შეიძლება იყოს უფრო სრულყოფილი, თუმცა შარლ მიშის დოკუმენტი მოიცავს საკითხებს, რომელიც ქვეყანას აწუხებს. "ქართული ოცნების" ქცევა, ამ შეთანხმებიდან გასვლა, იმისგან დამოუკიდებლად, ოპოზიცია მოაწერდა თუ არა ხელს, იყო განაცხადი და სილის გაწვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომელთა შუამავლობითაც ეს მოხდა. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ოპოზიციის ქცევა, პასუხისმგებლობის კუთხით ცა და დედამიწასავითაა განსხვავება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. გამომდინარე აქედან, ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ისეთი საკითხი, როგორიც მართლმსაჯულებაა, ვერ გამოსწორდებოდა, რადგან ხელისუფლება, რომელიც დაღმართზეა, ვერასდროს სასამართლო რეფორმას ვერ ჩაატარებს, მითუმეტეს, პირიქითაა - ვხედავთ, როგორ მიდის ძალაუფლების კონსოლიდაცია და იმის შემდეგ სასამართლო მთლიანად ჩაიკარგა. არ უნდა გვქონდეს იმედი, რადგან დღეს უფრო გლობალური გამოწვევის წინაშე ვართ",- განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ღია საზოგადოების ფონდმა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების მონიტორინგის შედეგების წარადგინა. ორგანიზაციების შეფასებით, დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმის მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა.