როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეს საქმე არის პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი მართლმსაჯულების მკაფიო ნიმუში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხარჯები, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ასამართლებენ, გაიწეოდა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროსაც, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ ანზორ ჩუბინიძე გამოვიძახეთ მოწმედ, მას უწყება ჩაბარდა და იმედი გვაქვს, რომ ის დღეს საამართლო პროცესზე გამოცხადდება. თუ ანზორ ჩუბინიძე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, საზოგადოება დაინახავს, რომ 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც რამდენიმე ასეული ათასი ლარის დოკუმენტურად დადასტურებული მსგავსი ხარჯებია წარმოდგენილი. ანზორ ჩუბინიძეს მიხეილ სააკაშვილისთვის გადარიცხული აქვს რამდენიმე მილიონი ლარი, დოკუმენტურად დადასტურებულია რამდენიმე ასეული ათასი ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დოკუმენტების ნაწილს გვიმალავენ, მაგრამ ვალერი კილაძემ წარმოადგინა საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან რამდენიმე ასეული ათასი ლარის გადარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე ხდებოდა, საიდანაც თანხები დახარჯულია სასტუმროს მომსახურებაზე, კვებაზე, ბილეთების შეძენაზე, ავტომობილების ქირაობაზე, ჯანმრთელობის ხარჯებზე. ზუსტად ასეთივე ხარჯებთან დაკავშირებით მიდის განხილვა თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ანზორ ჩუბინიძის დროს რამდენიმე ათასი ლარია სამკურნალო ხარჯებისთვის დაფარული. მაქვს კითხვა: რა განსხვავებაა თუ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ანზორ ჩუბინიძის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურის უფროსობის დროს შეეძლოთ ან სავალდებულო იყო სამედიცინო ხარჯის გაწევა, თემურ ჯანაშიას დროს რატომ არ იყო სავალდებულო ხარჯის გაწევა?!“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.