ნიკა მელიას უკვე აქვს რეალური ხედვა, რომ მისი და მისი მომხრეების ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაში" არ არის - შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ძალიან მალე ამ პარტიის საბოლოოდ ჩამოშლის სურათს ვიხილავთ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მიქანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არის შიდა პოლიტიკური კრიზისი და სრულიად აშკარაა დაპირისპირება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის მომხრე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის.
„ეს გადასულია ისეთ კონფრონტაციაში, როდესაც კონკრეტული ფაქტები და გარემოებები მელიამ სააშკარაოზე გამოიტანა. "ნაციონალური მოძრაობა" უკვე საზოგადოებაში იმ პოლიტიკურ სუბიექტად აღიქმება, რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზეა ორიენტირებული და სიცრუის გამავრცელებელ მანქანად შეიძლება მოვიხსენიოთ. მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ორიენტირებულია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და სპეკულაციებზე. საზოგადოებას ამ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ საკმაოდ ჯანსაღი პოზიცია აქვს, რისი გამოხატულებაც 2021 წლის არჩევნების შედეგები იყო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.