სულ რომ დიმიტრი გელოვანი მოიყვანო რამეზე, მაინც იტყვიან - არა, არ ვარგაო - ვინც არ უნდა წამოაყენოს "ქართულმა ოცნებამ" ამა თუ იმ პოზიციაზე კანდიდატად, მათი თვალით მიკერძოებული იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობაზე წამოყენებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცის ბოიკოტის რეჟიმიდან ვერ გამოდის.
"საპარლამენტო სახელმწიფო და დემოკრატია ასეა მოწყობილი - როცა რომელიღაც პარტია იმარჯვებს მას ეძლევა შესაძლებლობა დააკომპლექტოს სახელმწიფო უწყებები, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ის, რომ ოპოზიცია ჯერ მაინც რევოლუციის მოხდენის რეჟიმიდან ვერ გამოსულა და მათი მთავარი მიმართულებაა ბოიკოტი ყველას და ყველაფერს, ბუნებრივია, სულ რომ დიმიტრი გელოვანი მოიყვანო რამეზე მაინც იტყვიან, არა არ ვარგაო. ვინც არ უნდა წამოაყენოს ქართულმა ოცნებამ ამა თუ იმ პოზიციაზე კანდიდატად მათი თვალით მიკერძოებული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას რაც ეხება, მათი დიდი ნაწილი რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან შორს არაა, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პრესტიჟზე მოქმედებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატურები წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი კანონმდებლებს ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები წარედგინა.
აღნიშნული სამსახურები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.