ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, 50 ხმა მოგროვდება საგამოძიებო კომისიისთვის, რომლის გატანას აპირებს ოპოზიცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეექმნება თუ არა საფრთხე საგამოძიებო კომისიების შექმნას იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა „ლელოს“ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს.
სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს და თანამშრომლობაზე ორიენტირებული არ არის.
"რა თქმა უნდა, უფლებამოსილების შეწყვეტა, განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ეს არის გამოხატულება "ქართული ოცნების" დამოკიდებულების, რომ კი არ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, არამედ ებრძოლოს მას თავის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ ოპოზიციას პრობლემები შეუქმნან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ეს არის უკანონობა", - განაცხადა ჩიხლაძემ.
ცნობისათვის, საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" უკვე დაარეგისტრირა საგამოძიები კომისიის ინიციატივა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობა უნდა გამოიძიოს. ოპოზიციას სურს პარლამენტში კიდევ ორი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც კორუფციის ფაქტებს და 5-6 ივლისის მოვლენებს გამოიძიებს.