„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას აპირებს.
მანჯგალაძის შეფასებით, ადგილი ჰქონდა თუ არა სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ეს სპეკულაციის საგანი რომ არ გახდეს, საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა და არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პარლამენტმა ამ ინტერესს უნდა უპასუხოს.
„საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ოპოზიციის ხელში ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს ჩვენ ერთობლიობაში ვხედავთ. არის სამი სხვადასხვა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა. უნდა შევთანხმდეთ, რადგან არც ერთ ოპოზიციურ ჯგუფს არა აქვს საშუალება მარტო შექმნას საგამოძიებო კომისია. ამიტომ გვჭირდება ერთმანეთთან შეთანხმება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.