საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, რადგან საშინაო პოლიტიკაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების თემა აქტუალურ საკითხად რჩება, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.
„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევიდა და პარლამენტში აპირებს ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს. მაგრამ იმავდროულად აცხადებს, რომ სააკაშვილის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის მის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს, ასევე მათი დღის წესრიგის თემები იქნება ვადამდელი არჩევნები, 5 ივლისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა.
მმართველი ძალა აცხადებს, რომ მათ რეგლამენტი ისე შეცვალეს, რომ ოპოზიციას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. პარალელურად რიგ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების თავმჯდომარეებად ოპოზიციონერი კანდიდატები აირჩიეს, მაგრამ ვერ ხერხდება ვერც პარლამენტში და ვერც საკრებულოებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა.
სახეზე გვაქვს აშკარად არასრულყოფილი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მხოლოდ ერთზე მეტყველებს - ძირითადი პოლიტიკური ძალები არ ავლენენ თანამშრომლობის სურვილს. გასაგებია, რომ ძირითადი პოლიტიკურ ძალებს დეკლარირებული აქვთ ერთმანეთის განადგურება და პოლიტიკური პროცესიც ამ ნიშნით მიმდინარეობს.
მაგრამ, ფაქტია, რომ ერთი ძალა აგრძელებს ქვეყნის მართავს, ხოლო მეორეს განადგურებულის არაფერი უგავს და აგრძელებს მის ხელთ არსებული საშუალებებით ხელისუფლებასთან ბრძოლასა და დისკრედიტაციას.
რადგან ასეა კითხვას ასე დავსვამ - რამდენად „წარმატებით“ ებრძვის მმართველი გუნდი „ნაციონალებს“ და დანარჩენ ოპოზიციას, და რამდენად „წარმატებულია“ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომლითაც საშინაო პოლიტიკა ხასიათდება?
- თქვენი კითხვაზე შეიძლება რიცხვებით პასუხი - დავითვალოთ რომელმა მხარემ რამდენჯერ მიაღწია დასახულ მიზანს და ის მხარე იქნება წარმატებული. ამ კრიტერიუმით მივიღებთ, რომ ოპოზიცია თითქმის ყველაფერში დამარცხდა, თან მეათე წელია ზედიზედ. ამას ახლა თავადაც ხშირად აღიარებს. მიზეზები უნდა მოვიძიოთ ციფრების იქით, ალბათ, გავიმეორებ იმას, რაც ცნობილია.
სიახლეს არ წარმოადგენს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს ახსოვს „ნაციონალების“ ყოფნა ხელისუფლებაში და კატეგორიულად მიუღებელია მათი მობრუნება. წარსულის გახსენებით არის განპირობებული „ნაციონალური“ ოპოზიციის ათწლიანი მარცხი, მაგრამ არამარტო წარსულით. „ნაციონალები“ ადრინდელი ძალადობის გამო არც ბოდიშს იხდიან და არც სტილს არ ცვლიან - ამჟამადაც ისევ ძალადობას და ბულინგს მიმართავენ სხვებზე ხშირად. ამდენად, „ნაციონალების“ დღევანდელი სტილიც მიუღებელია ბევრისთვის.
საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს „ნაციონალების“ ყოფნა ხელისუფლებაში და კატეგორიულად მიუღებელია მათი მობრუნება. წარსულის გახსენებით არის განპირობებული „ნაციონალური“ ოპოზიციის ათწლიანი მარცხი, მაგრამ არამარტო წარსულით. „ნაციონალები“ ადრინდელი ძალადობის გამო არც ბოდიშს იხდიან და არც სტილს არ ცვლიან - ამჟამადაც ისევ ძალადობას და ბულინგს მიმართავენ სხვებზე ხშირად. ამდენად, „ნაციონალების“ დღევანდელი სტილიც მიუღებელია ბევრისთვის
რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობას ვერ იმხრობენ, ოპოზიციას სურს ხელისუფლების დამხობა რევოლუციით. „დამხობების“ მწარე გამოცდილება აქვს მოსახლეობას და საპროტესტო აქციებს ხალხის დიდი ნაწილი თავს არიდებს. რადგან ოპოზიცია ჯიუტად არაფერს ცვლის, შედეგიც არ იცვლება - „ნაციონალური“ ოპოზიცია მარცხდება, მაგრამ კიდევ უფრო მარცხიანია ეს პროცესი სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც „ნაციონალების“ გვერდით დადგნენ.
ეს სურათი, არსებითად, განმეორდა ამ ადგილობრივ არჩევნებზეც, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს. „ოცნების“ წილის შეფასება მის გამარჯვებაში ძნელია, რადგან ამ მომენტის სურათი, ძირითადად, ისევ ოპოზიციის სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომების შედეგია. თქვენს მიერ ნახსენები თანამშრომლობაზე უარიც „ნაციონალებს“ უფრო ახასიათებდათ, პარლამენტში შესვლა მათ გამოაცხადეს ქვეყნის ღალატად, რაც ისევ შეცდომა იყო.
თანამშრომლობაზე უარიც „ნაციონალებს“ უფრო ახასიათებდათ, პარლამენტში შესვლა მათ გამოაცხადეს ქვეყნის ღალატად, რაც ისევ შეცდომა იყო
ოპოზიციის ფუნქცია არაა მარტო ის, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოს, მას გამარჯვებაც უნდა შეეძლოს. ხოლო, თუ ოპოზიცია ხელისუფლებაზე ჭკვიანი არაა, ის ყოველთვის დამარცხდება.
- იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ტვ-ეები ბევრია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ერთმანეთის კრიტიკის საშუალება აქვთ, საინტერესოა, როგორ აღიქვამს საზოგადოება იმას, რასაც ისინი ტვ-ებში პოლიტიკოსებისგან ისმენენ.
საზოგადოება უხერხულ კითხვებზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისაგან ისმენს განმარტებებს, მაგრამ რამდენად სჯერათ მათი განმარტებები საზოგადოებას, ეს კიდევ სხვა საკითხია.
ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მმართველ ძალის მიმართ ნდობა დიდ ქალაქებში შემცირებულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის მიმართაა ნდობა გაზრდილი, მაგრამ იგივე დიდ ქალაქებში რომ „ქართულ ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორ წინათ, ფაქტია.
ენ-დი-აი-ს ბოლო კვლევა ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც საკმაოდ საგულისხმო იყო. თუ ოპოზიციის მიმართ ინტერესი აშკარად დაცემულია, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას რეალურად ადმინისტრაციული რესურსის გარდა საზოგადოებაში მხარდაჭერა შთამბეჭდავად არ გამოიყურება.
საზოგადოების განწყობებში რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ასეთი ვითარებაა, რამდენად შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ყველა არჩევნებზე „შუა გაიკრიფა“, თან ბევრჯერ და როგორც ბევრი შენიშნავს, ქართულ პოლიტიკურ ველზე პოლიტიკოსების სიმრავლის მიუხედავად, მძიმეწონიანი პოლიტიკოსების აშკარაა ნაკლებობაა?
- „შუა“ მხოლოდ ცოტა ხნით გაიკრიფა 2012-ში და მერე დამყარდა დიდი „შუა“ - კოჰაბიტაცია. ამდენად, ფორმულა „შუა გაიკრიფა“ ტოტალური არ იყო და ვერ დათრგუნავდა ქართველ პოლიტიკოსებს.
რაც შეეხება მძიმეწონიანი პოლიტიკოსების სიმცირეს, მას იგივე მიზეზები აქვს, რაც პროფესიონალების დეფიციტს ნებისმიერ სხვა სფეროში. პოლიტიკოსობას, ისევე როგორც ექიმობას თუ ბიზნესმენობას, უნდა აღზრდა, სკოლა, გამოცდილება.
პოლიტიკის ჩვენ სკოლაში კი, ძირითადად, ჭიდაობის გაკვეთილები დამკვიდრდა, სადაც ძალაა მთავარი. ამიტომ გვაქვს ახლა მოჭიდავე პოლიტიკოსების სიჭარბე და მოჭადრაკე პოლიტიკოსების დეფიციტი.
კი ვამბობთ „პოლიტიკა ჭადრაკიაო“, მაგრამ ჩვენთან ხშირად პოლიტიკურ ჭადრაკსაც ოსტაპ ბენდერის სტილში თამაშობენ და გამარჯვებად მიაჩნიათ ფიგურების სახეში შეყრა მეტოქისთვის.
კი ვამბობთ „პოლიტიკა ჭადრაკიაო“, მაგრამ ჩვენთან ხშირად პოლიტიკურ ჭადრაკსაც ოსტაპ ბენდერის სტილში თამაშობენ და გამარჯვებად მიაჩნიათ ფიგურების სახეში შეყრა მეტოქისთვის
ეს სტილი ნელ-ნელა სუსტდება და, იმედია, მომავალში ვითამაშებთ წესიერ ჭადრაკს.
- პროკურატურა გიგი უგულავას აეროპორტში ძიუდოისტის ცემასთან დაკავშირებით ამნისტიით მინიჭებული შესაძლებლობის სარგებლობას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, ამ საქმის გამოძიება გაგრძელდება.
გამოძიებამ განაახლა საქმის ძიება პარლამენტარ კირკიტაძესთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის ფარგლებში მას არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ინციდენტის ორგანიზება ბრალდება.
როგორც კირკიტაძე განმარტავს, ინციდენტის ორგანიზატორი ის ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რუსთავში მათ ოფისთან შეიკრიბნენ და პროვოკაციაც მათი ორგანიზებულია. მისივე მტკიცებით, ამ ინციდენტზე საქმის ძიების განახლება იმას უკავშირდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა და ამაში ბრალს მმართველი გუნდი მას ადანაშაულებს.
ოპოზიცია უგულავასა და კირკიტაძის საქმეებზე გამოძიების გაგრძელებას ხელისუფლების ინტერესს უკავშირებს და მომხდარს ოპოზიციის დევნად აფასებს, რისთვისაც მმართველი გუნდი სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ერთი მხრივ უგულავას მიმართ პროკურატურის შეთავაზებამ და მეორე მხრივ კირკიტაძის საქმის მას შემდეგ გახსენებამ, რაც „ქართულმა ოცნება“ მართლაც დაკარგა რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა?
- დღეს დევნილობაზე ლაპარაკი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა უგულავას და კირკიტაძისგან, მათ ადრე რომ ამოეღოთ ხმა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს დევნილი ადამიანების დასაცავად.
მე არ მახსენდება მათი აღშფოთება სულხან მოლაშვილის და მსგავსი ბედის ადამიანების თაობაზე. ის კი მახსენდება, რომ „ნაციონალები“ თავს აცემინებდნენ ხოლმე პოლიტიკური სარგებლისთვის. აბაშიძესთან დაპირისპირებიდან მოყოლებული ხშირად იყენებდნენ მსხვერპლის როლს.
მეორე მხრივ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ოცნებას“ აეთვისებინა დევნის სტილი. თუმცა, გაუგებარია რაში სჭირდება ახლა მათი დევნა. საერთოდ, ეს ფრაგმენტი ისევ არის ნაწყვეტი „პოლიტიკური ჭიდაობის“ გაკვეთილიდან, რაც სამარცხვინოა ქართული პოლიტიკისთვის, ვინც არ უნდა იყოს ამ ფრაგმენტის ავტორი.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ „ოცნებას“ აეთვისებინა დევნის სტილი. თუმცა, გაუგებარია რაში სჭირდება ახლა მათი დევნა. საერთოდ, ეს ფრაგმენტი ისევ არის ნაწყვეტი „პოლიტიკური ჭიდაობის“ გაკვეთილიდან, რაც სამარცხვინოა ქართული პოლიტიკისთვის, ვინც არ უნდა იყოს ამ ფრაგმენტის ავტორი
- ფაქტია, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, „მომავალ არჩევნებში ვერც „ანტი-მიშას ფენომენი“ და ვერც მაჟორიტარები ვეღარ იქნებიან ხელისუფლების მაშველი რგოლები“.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი ვითარება აღმოჩნდება იმის საფუძველი, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება. თუ ასე განვითარდა პროცესი, 2024 წლის შემდეგაც საშინაო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემა იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პრობლემა.
თქვენი დაკვირვებითაც ასე ჩანს?
- როცა ხმების დიდი ნაწილი მოაქვს რომელიმე ერთ ოპოზიციურ პარტიას, კოალიციური მთავრობა გახდება ამ ერთი პარტიის დიქტატის შირმა, სხვებისთვის - თავის მოტყუება. პოლიტიკური ძალების თანამშრომლობაც შეიძლება საკუთარი თავის მოტყუებას დაემსგავსოს.
თანამშრომლობა რეალურად საჭიროა, როცა გადასაწყვეტია ამოცანა, რომლის გადაჭრას რამდენიმე სუბიექტის ერთობლივი შრომა სჭირდება. დავაკვირდეთ სიტყვას „თანა-მშრომლობა“. თუ ერთობლივი შრომის აუცილებლობა არ არსებობს, თანამშრომლობა ფიქციაა.
ერთი პარტიის ან პოლიტიკოსის ბედის საკითხზე მხარეებმა შეიძლება მოილაპარაკონ, მაგრამ ამას ხომ არ დაერქმევა ერთობლივი შრომა. ჯერჯერობით, საქართველოში მასშტაბური პოლიტიკური საკითხების და პროექტების მენიუ ძალიან მოკლეა, ბევრი მიმართულებით განვითარების კონცეფციაც კი არა გვაქვს.
პარლამენტის რიგით გადაწყვეტილებებსაც ერთი პარტია ყოფნის. ამდენად, რეალური თანამშრომლობის საჭიროებაც, მე მგონი, დიდხანს არ იქნება.
პარლამენტის რიგით გადაწყვეტილებებსაც ერთი პარტია ყოფნის. ამდენად, რეალური თანამშრომლობის საჭიროებაც, მე მგონი, დიდხანს არ იქნება
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საკუთარი პარტიული პროპაგანდის, ჩაკეტილი ორგანიზაციული კულტურის მძევლები გახდნენ და იმის იქით გახედვას ვეღარ ახერხებენ. მეტიც, პოლიტიკური პროცესი რეალური შინაარსისგან დაცლილია და აღარც საქმეზე საუბარი შეუძლია წესიერად.
პოლიტიკის ანალიტიკოსის ლევან ცუცქირიძე აცხადებს - „ჩვენი პოლიტიკური კლასი ან ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს, ან მისი ახლით ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება“.
რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცება, რომ თუ ჩვენი პოლიტიკური კლასი ახალ სტანდარტზე არ გადაეწყო, მისი ჩანაცვლება ახლით გარდაუვალი იქნება?
- ბატონ ლევან ცუცქირიძის თქვენს მიერ ხსენებული ვერსია, ვვარაუდობ, პოლიტიკური ოპტიმიზმისკენ არის უფრო მეტად გადახრილი. იგი მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს - პოლიტიკური სტანდარტების ან პოლიტიკური კლასის შეცვლას. ორივე ეს ვარიანტი გულისხმობს პოლიტიკური პროცესის წასვლას უკეთესობისკენ.
სიმეტრიისთვის ერთი პესიმისტური ვარიანტიც დავამატოთ - დავუშვათ, არ მოისურვა ან ვერ მოახერხა ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა სტანდარტის შეცვლა. ამ შემთხვევაში მას რაიმე დაემუქრება? 18 ბრიუმერის მსგავსად გარეკავს მათ ვინმე უუნარობისთვის? ძალიან საეჭვოა, საეჭვოა ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში ახალი ნაპოლეონი იწვეს. არც ხალხი ჩქარობს აჯანყებას. ანდა, იქნებ არის მაღალი კონკურენცია და თუ ეს პარტიები არ მოეწონა ხალხს, სხვას აირჩევს? ესეც საეჭვოა, რეიტინგები პარტიებს არა აქვს.
ეს ამბები იმიტომ მოგახსენებთ, რომ თუ არსებულ პარტიებს არაფერი დაემუქრება, ისინი არ შეიცვლებიან. შეცვლას დაძალება სჭირდება, თუ არადა ფიზიკაშიც კი მეფობს ინერცია. ჰოდა, დიდი შანსია, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც ახლაა, ან პარტიების რიცხვი მინიმუმამდე დავიდეს.
- ვხედავთ, რომ უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება ცდება არა მხოლოდ რეგიონისა და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, და აშკარად გლობალურ გამოწვევად იქცა ევროპული უსაფრთხოების სისტემისათვის.
„ცივი ომის“ შემდეგ ამ მასშტაბის კრიზისი რომ კრემლმა გამოიწვია დასავლეთის მიმართ მის მიერ წაყენებული ულტიმატუმით, რომლითაც მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეზე მისი კონტროლის უფლების აღიარებასაც ნიშნავს, პრაქტიკულად არც არავინ არ დავობს.
რაც ხდება ვხედავთ, მაგრამ ჩვენთვის ალბათ ახლა ყველაზე აქტუალური თემა და გამოწვევა ასე გამოიყურება - როგორადაც არ უნდა განვითარდეს და არ დასრულდეს დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაპირისპირების ეს ეტაპი, მისი შედეგი რა გავლენას იქონიებს საქართველოზე.
დამკვირვებელთა ერთი ნაწილი თვლის, - „საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება.“
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, თქვენი დაკვირვებით რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ის შეფასება, თუ რა მდგომარეობაში ხვდება ამ კრიზისს საქართველო?
- მაპატიონ დამკვირვებლებმა, მაგრამ ვერ გავიზიარებ მოტირალ ტონს, ვერც ზოგადი მდგომარეობის და ვერც საქართველოს მდგომარეობის შეფასებაში.
პოლიტიკური განვითარების პირობები ნამდვილად მწიფდება. რამდენიმე უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. რუსეთმა უპრეცედენტო შეცდომა დაუშვა თავისი მოთხოვნების წარდგენით. დასავლეთმა უპრეცედენტო პრინციპულობა გამოავლინა და საპასუხოდ რუსეთს მოსთხოვა ჯარების გაყვანა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
რუსეთმა უპრეცენდენტო შეცდომა დაუშვა თავისი მოთხოვნების წარდგენით. დასავლეთმა უპრეცედენტო პრინციპულობა გამოავლინა და საპასუხოდ რუსეთს მოსთხოვა ჯარების გაყვანა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან
რუსეთი ანტიდასავლური გაერთიანების შესაქმნელად ჩინეთში გაემგზავრა, მაგრამ პეკინმა უპრეცედენტო შეურაცხყოფა მიაყენა პუტინს - 25 კაციანი დელეგაციის 6-მდე შემცირება მოსთხოვა ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რითაც ბევრი რამ წინასწარ ითქვა.
ასევე, უპრეცედენტო ანტირუსული ნაბიჯი გადადგა ერდოღანმა უკრაინაში ჩასვლით და იქ დრონების წარმოების საკითხის დაყენებით. ყოველივე ამის ფონზე, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი არის ცუდ დღეში. მან რამდენიმე ტრილიონი უკვე დაკარგა ეკონომიკური სანქციების ამოქმედებამდე. მას ზურგს უჩვენებენ მოკავშირეები და მის წინააღმდეგ მობილიზაციას ახდენენ მეტოქეები.
მსოფლიო პოლიტიკის ტექნიკური პროცესები, ალბათ, მოსალოდნელია და, ამდენად, ეს კრიზისად ინათლება, მაგრამ ცუდ დღეში, ძირითადად, რუსეთია. ამ ტექტონიკურ ძვრებში სად არის საქართველოს ადგილი? მე მიჭირს თქმა. არც დასავლეთის პარტნიორები მოგვმართავენ „დაგვეხმარეთო“.
თქვენს მიერ ციტირებული დამკვირვებლები თუ გამოკვეთენ საქართველოს როლს ამ პროცესებში, საინტერესო იქნება. ფაქტია, რომ ამ „დაღლილ“ საქართველოს დღეს იმდენი მზრუნველი გამოუჩნდა, ადრე არ ჰყოლია, რადგან... მსოფლიო ვერ ხვდებოდა, რომ რუსეთის დაბრუნება ევროპის ჟანდარმის როლში სწორედ 2008 წლიდან დაიწყო. დღეს ხვდება. ალბათ, ყველაფერს დრო სჭირდება მოსამწიფებლად.
მსოფლიო ვერ ხვდებოდა, რომ რუსეთის დაბრუნება ევროპის ჟანდარმის როლში სწორედ 2008 წლიდან დაიწყო. დღეს ხვდება. ალბათ, ყველაფერს დრო სჭირდება მოსამწიფებლად
- უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის ფონზე რუსეთის შეკავების კონტექსტში აშკარად გამოიკვეთა რეგიონში ბრიტანეთის აქტიური როლი.
ლონდონმა, ვარშავამ და კიევმა ლონდონმა მოსკოვის შესაკავებლად ახალი ფორმატი შექმნეს NATO–ს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებაში უშუალოდ უკრაინისთვის, როგორც ფინანსური ისე სამხედრო დახმარების აღმოჩენით, თუ კრემლის წინააღმდეგ სანქციების კუთხით. ამასთან, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დებატებიც.
მასში სავარაუდოდ შევლენ თურქეთი, მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები. იგი არა ნატოს ალტერნატივა, არამედ ნატო-ს შიგნით უსაფრთხოების ახალი სარტყელი იქნება. ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხშია, მაგრამ რუსეთის შესაჩერებლად ევროპა ერთიანია,
ექსპერტთა ნაწილი უკვე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რეგიონში ახალ ფორმატშია საქართველოს ადგილი. ნაწილი ასე სულაც არ თვლის. ვინც მომხრეა, შენიშნავს, რომ ეს საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარაა.
ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმოძრაოს თუ არა საქართველომ?
- ანალოგიური ელემენტი უკვე იყო ქართულ პოლიტიკაში. ადრე ნატოს კარზე გასაღების მორგების სირთულემ გააჩინა იდეა, რომ ამერიკას საქართველოში შეექმნა ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრები. საქართველომ ამ ინიციატივას მხარი აუბა ზედმეტი პიარ-ხმაურის გარეშე.
ეს უკვე მიუთითებს, რომ საქართველო უარს არ ამბობს ნატოს ეკვივალენტურ, ოღონდ უფრო რეალისტურ ალტერნატივებზე. ალბათ, ისევ ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაერთვება საქართველო ნატოს პარალელური სტრუქტურების შექმნის ნებისმიერ პროცესში, რომელიც თავდაცვის უნარიანობის ოპერატიული განმტკიცების პირობებს შექმნის.
”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი