ეს რევოლუციური აღტკინება, რომელსაც გახარიასთან ერთად მიაღწია, არაფრის მომცემი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის და დამშვიდდეს სადაც არის იქ, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსთავი წაართვეს და უახლოეს პერიოდში წაართმევენ ბათუმს, შემდეგ კი ზუგდიდს.
ქადაგიშვილის განცხადებით, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" ღიად თანამშრომლობენ.
"სამხედრო რიტორიკაშია გადავარდნილი, დემოკრატიულ რიტორიკას ეს ადამიანი ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ დაუბრუნდა - "წავართვით" - "წავგლიჯეთ", არაფერი გამოუვა! ეს რევოლუციური აღტკინება, რომელსაც გახარიასთან ერთად მიაღწია, არაფრის მომცემი იქნება და დამშვიდდეს სადაც არის, იქ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინას "დიდგორს" გადასცემდა და თვითმფრინავით ტყვია-წამალს გაუგზავნიდა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები "სიშლეგის ზღვარზეა".
"არ მინდა პატიმრობაში მყოფზე მძიმე სიტყვების თქმა, მაგრამ გარკვეულწილად სიშლეგის ზღვარია, რომ ჩვენ აქ სამხედრო აქტივობები ვაწარმოოთ ამ სიტუაციაში. ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ცეცხლი საქართველოსკენ უნდა გაიხსნას და შემოტრიალდეს. ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკა 2008 წელს ძალიან ძვირად დაგვიჯდა - ოკუპირებულია ეს ტერიტორიები და რუსეთის ფედერაციას უკანონოდ, მაგრამ მაინც აღიარებული აქვს ეს ტერიტორიები. ჩვენ ამ დღის წესრიგს არასდროს აღარ დავუბრუნდებით და არც საქართველოს მოქალაქეებს უნდათ ის დღის წესრიგი, რომელიც იწყებოდა ურაპატრიოტიზმით და მთავრდებოდა საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებით და დანგრევით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.