არასერიოზული ადამიანისგან წარმოდგენილი დოკუმენტი ღირებულებას არ წარმოადგენს - სააკაშვილმა სჯობს, იმაზე იფიქროს, რომ მოსახდელი აქვს სასჯელი და მის მიმართ რამდენიმე მიმდინარე საქმეა,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკონომიკური ხედვის ძირითადი თეზისების წარმოდგენას.
მისი თქმით, სააკაშვილის დღის წესრიგში მხოლოდ ძალაუფლების დესტაბილიზაციის გზით დაბრუნებაა და მისი ნებისმიერი განცხადება არასერიოზულია, რადგან ის არ ემსახურება მოქალაქეების კეთილდღეობას.
"ხვალ მისი ერთ-ერთი საქმის განხილვაა, რომელიც საზღვრის გადმოკვეთას ეხება. ის შემოიპარა მაწვნით და არაჟნით სავსე კონტეინერით საქართველოში. იმის გამბედაობა და ღირსებაც არ ეყო, რომ პირდაპირ ჩამოსულიყო, ეს ადამიანი ორიენტირებული იყო იმაზე, რომ პოლარიზაცია გაეზარდა და მისი შემოპარვით დაეგეგმა ქმედებები, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევდა, რაც არ გამოუვიდა,"- განაცხადა მიქანაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ხაბეიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლება სტატისტიკას აყალბებს და აღნიშნა, ხაბეიშვილის განცხადებები არასერიოზულია.
"ხაბეიშვილმა და "ნაციონალური მოძრაობის" პროექტით შექმნილი ორგანოზაციის წარმომადგებლებმა რა განაცხადეს, საერთოდ აზრს და საფუძველს მოკლებულია, გაიხსენონ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში საზოგადოებას როგორ ატყუებდნენ და რა რეიტინგებს აცხადებდნენ,"- განაცხადა მიქანაძემ.