ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენ მხარდაჭერას იმსახურებს, ეს ხალხი ჩვენი გასაჭირის დროს გვერდში გვედგა და უკრაინის მხარდაჭერა პრაგმატულად ჩვენი ინტერესია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, არამედ რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ჰქონდეთ.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რეზოლუციაში რუსეთის არ ჩაწერა კიდევ უფრო აზიანებს საქართველოს.
„ივანიშვილის რეჟიმის საქციელი ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილია როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის. როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესე იგი მხარს არ უჭერ მას, ვინც არის აგრესიის მსხვერპლი. ეს რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, ეს რეზოლუცია არის რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ჰქონდეთ. როდესაც რეზოლუციაში აგრესორს არ აცხადებ, შემდეგ რა აბსურდული არგუმენტიც არ უნდა მოიყვანო, მაინც სამარცხვინო მდგომარეობაში დარჩები, რაშიც ჩაგვაყენა ივანიშვილის რეჟიმმა. ჩვენი, "ევროპული საქართველოს" ამოცანა მაშინ, როდესაც აქცია გავმართეთ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რომელსაც ძალიან კარგი გაშუქება ჰქონდა უკრაინაშიც და საერთაშორისო ასპარეზზე, იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ეს მთავრობა არის დიდი გაუგებრობა და ის არ წარმოადგენს ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას.
ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას, ეს ხალხი გვერდში გვედგა ჩვენი გასაჭირის დროს და პრაგმატულად, ჩვენი ინტერესია უკრაინის მხარდაჭერა. ამიტომ არ გამიკვირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი მძიმე განცხადება. ივანიშვილის რეჟიმი თავიდანვე იყო ამ კურსის მატარებელი, მათი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. ამგვარი დამოკიდებულება არის სიგნალი თავისუფალი სამყაროსთვის, რომ ჩვენ არ ვართ თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. ხალხს ატყუებენ, რომ პუტინის აგრესია უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ, გამოწვეულია იმით, რეზოლუციაში რა ჩაიწერებოდა? - ეს ხომ აბსურდია. რეზოლუციაში რუსეთის არ ჩაწერა კიდევ უფრო გვაზიანებს და იზოლირებულს გვხდის თავისუფალი სამყაროსგან. რომც ჩაეწერათ რუსეთი რეზოლუციაში, ეს მაინც იქნებოდა დეკორაცია, რადგან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, პრემიერ-მინისტრი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას, არ გადის კონტაქტზე უკრაინის მთავრობასთან და არ ჩადის კიევში, საპარლამენტო კომპონენტი ვერ ჩაანაცვლებს მთავრობის უმოქმედობას, ამიტომ ერთი მხრივ კარგია ის, რომ მოხდა ივანიშვილის რეჟიმის ბოლომდე გაშიშვლება და მათი პოლიტიკური კურსის საზოგადოების მხრიდან ნათლად აღქმა“, - განაცხადა ბოკერიამ.