საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში მორიგ წარმატებას მიაღწია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, იური ბაღათურიას, ოთარ კემულარიას და ირაკლი ლომიძის შემადგენლობით, CERN-ის ერთ-ერთ უდიდეს CMS ექსპერიმენტში, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინჟინრო მიმართულებით შეძლეს ახალი კამერების ელექტრონიკის გაციების სისტემის მოდელირება, შექმნეს სამუშაო ნახაზები და დაამზადეს პროტოტიპები.

CMS ექსპერიმენტში ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენლის, იური ბაღათურიას განმარტებით, ჯგუფმა, შესაბამისი გამოცდის გავლის შედეგად, გაციების სისტემის პროტოტიპები კამერებზე დააყენა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სტუ-ის მკვლევრები სამეცნიერო მიმართულებით მონაწილეობენ RPC კამერებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზში, კამერების ტესტირებებში, მათი რადიაციული მედეგობის გამოცდაში, ახალი კამერების შექმნასა და სრულ ტესტირებაში.

როგორც CERN-ის CMS ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი ზვიად წამალაიძე აცხადებს, ექსპერიმენტები არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები და მათ რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა სასარგებლო და პრესტიჟულია.

„წარმოუდგენლად რთული დანადგარების შექმნაში, როგორიცაა, დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) და მასზე მომუშავე ოთხი დიდი ექსპერიმენტი (CMS, ATLAS, ALICE და LHCb), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა, სამყაროს შესახებ უფრო ღრმა ცოდნის გარდა, მოიტანს პრაქტიკაში გამოსაყენებელ ცოდნას კრიოგენული, ზეგამტარი მაგნიტების, ელექტრონიკის და ვაკუუმური სისტემების მიმართულებით. ეს გვაძლევს დიდ საერთაშორისო კოლაბორაციებში მუშაობის გამოცდილებას, რთული საინჟინრო სისტემების, თანამედროვე კომპიუტერულ სისტემების და რთული ალგორითმების შექმნისა და გამოყენების ცოდნას. რაც მთავარია, ჩვენი მეცნიერები, ახალგაზრდები უშუალოდ მონაწილეობენ ამ პროცესში.

ექსპერიმენტები არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები და მათ რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა არის სასარგებლო და პრესტიჟული, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეყოლება თანამედროვე დონის სხვადასხვა მიმართულებების ინჟინრები, ფიზიკოსები და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რეალური ეკონომიური და სამეცნიერო-ტექნიკური თვალსაზრისით“, - აცხადებს ზვიად წამალაიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CMS კოლაბორაციის შექმნის დღიდანვე არის მისი წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ფიზიკოსები, ინჟინრები, IT სპეციალისტები, აქტიურად მონაწილეობენ CMS ექსპერიმენტის მიონური სისტემის წინაღობურ შრიან კამერებში (Resistive Plate Chambers, RPC) და მაღალი გრანულირების კალორიმეტრის (High Granularity Calorimeter Calorimeter, HGC) სუბდეტექტორების საქმიანობაში.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აცხადებს, ქართველი მეცნიერების აქტიურობას CMS ექსპერიმენტში სერიოზულ ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც მასშტაბით, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, პრესტიჟული და მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ექსპერიმენტების წევრია და მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს მსოფლიოს წამყვან, უდიდეს ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან.

აღნიშნული მჭიდრო ურთიერთობები შესაბამისად განაპირობებს, ჩვენი სპეციალისტების ვიზიტებს ამ ცენტრებში და ასევე, უცხოელი კოლეგებისა ჩვენთან. აადვილებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ჩვენს სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას ყოველთვის იყვნენ მოვლენების განვითარების ეპიცენტრში და უდიდეს გამოგონებებში მიიღონ მონაწილეობა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ქართველი მეცნიერების აქტიურობას CMS ექსპერიმენტში სერიოზულ ფინანსურ და ორგანიზაციულ დახმარებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ -აცხადებს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, RPC სუბდედექტორში 15-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, ქართველი ფიზიკოსები CMS-ში მონაწილეობენ ამ ექსპერიმენტის დაფუძნების დღიდანვე. სტუ-ის მეცნიერები ორი მიმართულებით - მიონური სისტემის RPC ჯგუფი, ასევე ადრონულ კალორიმეტრში (HCAL), აქტიურად მუშაობენ, რაზეც ცხადად მეტყველებს ქართველი ფიზიკოსების თანაავტორობით გამოქვეყნებული შრომები და მათი ციტირების ინდექსი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა