სახიფათოა, როდესაც მმართველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღიად იძალადოს ქალზე და შემდეგ გაამართლოს ქალთა მიმართ ძალადობა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს როგორც პაპუაშვილის, ისე მმართველი გუნდის ღირებულებებსა და პრინციპებზე.
„ბატონო შალვა, ვინაიდან ეს პირველი შესაძლებლობაა ჩემთვის, რომ თქვენ მიერ წაყვანილ სხდომაზე ვისაუბრო, უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ძალიან სამწუხაროა და სახიფათოა, როდესაც მმართველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღიად იძალადოს ქალზე და შემდეგ გაამართლოს ქალთა მიმართ ძალადობა. ეს არის სახიფათო გზავნილი ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე - არა მხოლოდ პირადად თქვენზე, ბატონო შალვა, არამედ თქვენი პოლიტიკური გუნდის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში, გასული წლის ივლისში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების დროს, როდესაც თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა.