ორგანიზაციის ,,მიშას სექტორი” წევრებმა რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მათ მესამე პრეზიდენტს შეძახილებით მიმართეს და ადგილზე ბანერი წარწერით #თავისუფლებამიშას გაშალეს.
აქციის მონაწილეები რუსთავის ციხიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მასთან პირადი ექიმის შეშვებაა.
,,ჩვენ ვიყავით რატი ბრეგაძის უწყებასთან, ულტიმატუმის ვადა ყველა ზღვარს გადავიდა და საკმარისი ვადა მივეცით მას. დღეიდან აუცილებლად უნდა მოხდეს პირადი ექიმის შეშვება, რათა საზოგადოებამ და ჩვენ ვიცოდეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. მოვედით რუსთავის ციხესთან, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა, შემდეგ გადავინაცვლებთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც გავაჟღერებთ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმა უკავშირდება მოთხოვნას, რომ სასწრაფო წესით უნდა მოხდეს მისი პირადი ექიმის შეშვება”, - აღნიშნა ,,მიშას სექტორის” წევრმა ლევან მერებაშვილმა.