თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% სრულად ვაქცინირებული არ არის, რეალურად და ცალსახად, მოსახლეობის პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კარგად ემართა.
„გვაკრიტიკებენ, კრიტიკა არ გვაკლია. როცა ამბობენ, ვისი პასუხისმგებლობაა, რეალურად და ცალსახად, პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ? არ ვარ ტენდენციური. იმიტომ, რომ ჯანდაცვამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ვინმემ დამისახელოს, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა 5 დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის ყველაზე რეიტინგული „ფაიზერი“, გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი, მათ შორის მთელ საქართველოში. არის მობილური პუნქტები ავტობუსებში, ჯანდაცვის მესვეურები სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?!“,-განაცხადა ცერცვაძემ.
მისი შეფასებით, მთავრობამ პანდემიის უკეთ მართვისთვის ყველაფერი გააკეთა.
„ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, სადაც არის დროებითი ჩავარდნა ან არასაკმარისი გასვლა ინდიკატორებზე, იქ მთავრობის პასუხისმგებლობაა. აქ ჩემი და ყველას აზრით, ყველაფერი შესთავაზა, რისი შეთავაზებაც შეეძლო. ეკონომიკაში ათასი რაღაც შეიძლება დაუწუნო მთავრობას, მაგრამ აქ რა უნდა დაუწუნო, არ მესმის. რჩება ერთი რამ, მთავრობას უნდა გამოეჩინა ფანტაზია და რაღაც განსხვავებული გაეკეთებინა“,-აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი განმარტებით, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია შეიძლება 1-2 თვით დაგვიანდა, მაგრამ ამას ეპიდვითარებაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თითქმის 1 წელია ძლიერი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს და ამ პროცესში გადამწყვეტია ადამიანების განწყობა ვაქცინაციის პროცესის მიმართ.
რაც შეეხება ე.წ. მწვანე პასპორტს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის იდეალური არ არის და არ ემხრობა გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილებს უვადო „მწვანე პასპორტი“ ჰქონდეთ.
„პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ “მწვანე პასპორტი“ არ არის 100%-იანი, გადამწყვეტი დოკუმენტი და პირობად 6 თვე ჩაიდება, სამუდამო, 2 თუ 3 აცრა, ახლა „მწვანე პასპორტი“ განიხილება, როგორც ვაქცინაციის წახალისების ინსტრუმენტი. ამან ნაკლებად იმუშავა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.