ჩემი პოზიცია ცნობილია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, საპარლამენტო ფორმატის, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენება საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი თემების დღის წესრიგში დასაყენებლად, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე კომისიის შექმნა, უკრაინის საკითხი და ა.შ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ბრძოლის ყველა ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის. იქნება ეს მიზნობრივად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება იგივე პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტის შემსწავლელი კომისიის შექმნის მიზნით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიც არის უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა, თუ სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნა. თუ იქნება ეს სრულყოფილად საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წნეხი განვახორციელოთ „ქართულ ოცნებაზე“, რომ იმსჯელოს ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოოდ არ შევჯერებულვართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.