გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, საერთოდ რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მთავრობის და თუნდაც პრემიერის. ეს გვნახებს იმ ტენდენციას, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა NDI- ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გაცილებით აქტიური, უფრო მიზნობრივი და უფრო სწორი და მაშინ, ალბათ, საზოგადოების შეფასებები იქნება უკეთესი.
„გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, საერთოდ რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მთავრობის და თუნდაც პრემიერის. თვალნათელია, რომ იგივე გასულ წელთან შედარებით, არ ვიცი რა მანქანებით არის ხოლმე ეს რეიტინგი მოპოვებული, მაგრამ თითქმის განახევრებულია წელს. ეს გვნახებს იმ ტენდენციას, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.
რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში არ არის საქმე კარგად, იგივე ეხება პოლიტიკურ პროცესსაც. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია არის საუკეთესო ფორმაში, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის, ძალიან დიდი დარტყმები იყო არჩევნებზე, ამიტომ დღეს პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გაცილებით აქტიური, უფრო მიზნობრივი და უფრო სწორი და მაშინ, ალბათ, საზოგადოების შეფასებები იქნება უკეთესი. რაც შეეხება ოპოზიციის თანამშრომლობას, მიმაჩნია მეც, რომ თაანამშრომლობა და კოორდინაცია არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამის მომხრე,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 52% ცუდად აფასებს, 39% კარგად, 7%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა.
კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 27% კარგად, ასევე, 27% კი საშუალოდ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 46% ცუდად აფასებს, 29% საშუალოდ, ხოლო 14% კარგად.
პარლამენტის საქმიანობა გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ცუდია. 33%-ის აზრით საშუალო, 12%-ის აზრით კი კარგი.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, გამოკითხულთა 35%-ის აზრით ცუდია, 28%-ის აზრით საშუალო, ხოლო 22%-ის აზრით კარგი.