„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ხვდებიან.
გიგი წერეთლის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება ამ ვითარებაში პრაქტიკულად უმოქმედოდ არის, ამიტომ სურთ უკრაინის ელჩს საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.
„ის საფრთხეები რაც უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ არსებობს ყველას გვავალდებულებს, რომ სოლიდარულები ვიყოთ უკრაინის მიმართ, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური მოვალეობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება პრაქტიკულად უმოქმედოდ არის ამ ვითარებაში, ამიტომ ვხვდებით ელჩს და მასთან ერთად გვინდა გავარკვიოთ როგორი ხედვები აქვს მას, ვუთხრათ ჩვენი სათქმელი და კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა”, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მისივე განცხადებით, ის რაც პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის გაუგებარი და მავნებლური პოზიციაა.
"ის, რაც ხდება პარლამენტში რეზოლუციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გამოხატავს იმ მძიმე კრიზისს, რომელიც არის ქვეყანაში "ქართული ოცნების” ასეთი პოზიციების გამო. ეს არის გაუგებარი და მავნებლური პოზიცია ქვეყნისათვის, როგორ შეიძლება საუბრობდე კონფლიქტზე, რუსეთის მოქმედებებზე და რუსეთს არ ახსენებდე რეზოლუციაში, ეს ძალიან არაადეკვატურია. ამიტომ ვცდილობთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა კომპენსაცია მოვახდინოთ ამ სამარცხვინო საქციელის, რომელსაც ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.