საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელს ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, საშინაო პოლიტიკის, კერძოდ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების, ასევე ორივეს პოლიტიკური საქმიანობის პრობლემებსა და პოლიტიკური ცხოვრების კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის თემებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
ამის საბაბი თქვენ თავად მოგვეცით, როცა ამ თემას საინტერესო სტატია მიუძღვენით, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან ახლა ყველაზე აქტიურად განხილვადი თემა პოლიციელების მიერ მეტროში ყრუ-მუნჯის ცემის ფაქტია, მას გვერდს ჩვენც ვერ აუვლით.
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, მმართველი გუნდი ტრადიციას არ ღალატობს და ისევ „ნაციონალების“ 9 წლიან მმართველობას იხსენებს. ამ თემაზე უამრავი აზრი გამოითქვა, მაგრამ მაინც გკითხავთ - თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ მომხდარს, მეორე მხრივ მომხდარზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის რეაქციას?
- ძალიან სამწუხარო იქნებოდა, თუკი მომხდარს შეიძლება განსხვავებული შეფასებები მოჰყვეს საზოგადოებაში და იმედია, ეს ასე არ არის. ეს არის შემზარავი, არაადამიანური საქციელი, რომელსაც ნორმალურ დემოკრატიაში თუკი საერთოდ მოხდებოდა, არა მხოლოდ კონკრეტული დამნაშავის, არამედ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ დაახანებდა.
ამ ამბავმა საბჭოთა მილიციის განყოფილებები გამახსენა, სადაც უბრალოდ, ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებსაც შეყრიდნენ ხოლმე და მერე საკუთარი სიამოვნების, ქრთამის ან ორივეს გამო სცემდნენ ხოლმე. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს წარსული შეიძლება მომავალიც გახდეს.
პოლიტიკურ დონეზე კი, პოლიტიკოსებმა პათეტიკური განცხადებების გარდა ისიც უნდა თქვან, თუ როგორ შეიძლება მსგავსი დანაშაულების შემცირება და რაც არ უნდა უცნაური იყოს საქართველოსთვის, ერთადაც ისაუბრონ შესაძლო ნაბიჯებზე. არსებობს საკითხები, რომელიც უნდა სცილდებოდეს პარტიული შურისძიებისა და მუდმივი პოლიტიკური ანგარიშსწორების სამარცხვინო ტრადიციას.
არსებობს პოლიტიკური ნების დიდი პრობლემა - შესაძლოა ერთი ან ორი დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ საქმე გვაქვს სისტემური პრობლემებთან და რადგან ეს ასეა, ჩემი აზრით მაშინ საჭიროა როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, ისე რეფორმებზე მსჯელობა, შეთანხმება, დაგეგმვა და განხორციელება.
არსებობს პოლიტიკური ნების დიდი პრობლემა - შესაძლოა ერთი ან ორი დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ საქმე გვაქვს სისტემური პრობლემებთან და რადგან ეს ასეა, ჩემი აზრით მაშინ საჭიროა როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება, ისე რეფორმებზე მსჯელობა, შეთანხმება, დაგეგმვა და განხორციელება
სამწუხაროდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა საქართველოში სრულიად მოისპო, „რეფორმა“ შიშის მომგვრელი სიტყვა გახდა, ხოლო პოლიტიკა უკვე იმდენად დაიცალა შინაარსისგან, რომ ყველას ძალიან უჭირს ტრაფარეტული განცხადებების იქით რაიმეზე საუბარი.
პოლიტიკოსები საკუთარი პარტიული პროპაგანდის, ჩაკეტილი ორგანიზაციული კულტურის მძევლები გახდნენ და იმის იქით გახედვას ვეღარ ახერხებენ. ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება ლოზუნგებით ცხოვრობს, მაგრამ რეალური შინაარსისგან დაცლილია და აღარც საქმეზე საუბარი შეუძლია წესიერად.
პოლიტიკოსები საკუთარი პარტიული პროპაგანდის, ჩაკეტილი ორგანიზაციული კულტურის მძევლები გახდნენ და იმის იქით გახედვას ვეღარ ახერხებენ. ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება ლოზუნგებით ცხოვრობს, მაგრამ რეალური შინაარსისგან დაცლილია და აღარც საქმეზე საუბარი შეუძლია წესიერად
- ფაქტია, რომ სამართალდამცავებს საკმაოზე მეტად ბევრი ისეთი საქმეები არ აქვთ ბოლომდე მიყვანილი, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდი იყო.
ასეთ საქმედ მიიჩნევა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტის ცემა, რომლის დროსაც ტვ „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ამ საქმეზე თითქოს ბევრი დააკავეს, ბევრსაც სასჯელი მიესაჯა, მაგრამ ყველა დაკავებულ-მისჯილი რომ მხოლოდ შემსრულებელი იყო, ფაქტია.
ფაქტია ისიც, რომ გაუგებარი მიზეზების გამო დაუსჯელი რჩებიან 5 ივლისის რეალური ორგანიზატორები, რომლებიც იმ ტრაგიკული დღის ვიდეომასალებში საკმაოდ კარგად ჩანან. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ 5 ივლისის ტრაგედიის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
- სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხსენებისას. ჩვენთან ჯერ კიდევ პრიმიტიული, ტომობრივი კულტურაა გამეფებული პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში - ჩემიანი ყველა კარგია, ხოლო სხვა, ყველა მტერია.
ჩვენთან ჯერ კიდევ პრიმიტიული, ტომობრივი კულტურაა გამეფებული პოლიტიკასა და საჯარო მმართველობაში - ჩემიანი ყველა კარგია, ხოლო სხვა, ყველა მტერია
ასეთ აზროვნებაზე დგას იმ პოლიტიკური ფუნდამენტალიზმის საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის დღევანდელ სტაბილურობას არყევს, არამედ მომავალი განვითარების შანსებსაც კლავს.
- ცოტა ხნის წინ თქვენ და და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ საშინაო პოლიტიკაში არსებული კრიზისის დაძლევას საინტერესო სტატია „ხუთი ნაბიჯი პოლიტიკური მშვიდობისთვის“ მიუძღვენით.
სტატია იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასასვლელად მე მას „მშვენიერი საგზაო რუკაც“ კი ვუწოდე. თუმცა, იმავდროულად გამოვთქვი ვარაუდი, რომ თქვენს წინადადებებს ძირითადი პოლიტიკური აქტორები არ გაითვალისწინებდნენ.
ვიდრე იმაზე ვიმსჯელებდეთ თქვენს წინადადებებზე პოლიტიკურ პარტიებს რეაქცია ჰქონდათ თუ არა, მანამდე ალბათ სწორი იქნება თქვენ კიდევ ერთხელ შეახსენოთ ჩვენს მკითხველებსა და თუნდაც ძირითად პოლიტიკურ აქტორებს რა შესთავაზეთ თქვენ და ბატონმა ბაკურ კვაშილავამ მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს?
- მადლობა ამ კითხვისთვის! ჩვენი წინადადებები ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ თუკი ჩვენ არ გადავჭრით პოლიტიკური მტრობის დიდ პრობლემას, მაშინ ამ ქვეყანას ცივილური და დემოკრატიული მომავალი არ უწერია - თუკი დღეს ასეთი მტრობა ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის არის, ხვალ იქნება სხვა ორი ან სამი ბანაკი - მოთამაშეები შეიცვლებიან, მაგრამ არ შეიცვლება თამაშის წესები.
სინამდვილეში სწორედ ეს წესებია, რაც ქვეყანას აზიანებს და არა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, რომელთა უკანაც ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე დგას, მოგვწონს ეს ვინმეს თუ არა.
სინამდვილეში სწორედ თამაშის ეს წესებია, რაც ქვეყანას აზიანებს და არა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, რომელთა უკანაც ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე დგას, მოგვწონს ეს ვინმეს თუ არა
სწორედ ამიტომ დავწერეთ იმ ხუთ საკითხზე, რომლებიც აუცილებელი ნაბიჯებია იმისათვის, რომ პოლიტიკურ მშვიდობას შანსი მიეცეს. ესენია: (1) მტრობისა და სიძულვილის ენაზე უარის თქმა, (2) ადგილობრივი არჩევნების შედეგების ამომრჩევლის ზურგს უკან ცვლილების მცდელობების შეჩერება, (3) მიხეილ სააკაშვილის საკითხის სამართლიანად და ღირსეულად გადაწყვეტა და მისი შეწყალება პრეზიდენტის მიერ, (4) საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური რეფორმა და (5) ვადამდელი არჩევნების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგანაც ამისათვის არც ოპოზიციაა სათანადოდ მზად ახლა, ხოლო მმართველ პარტიას ასეთი არჩევნების პოლიტიკურ იარაღადაც გამოყენება შეუძლია.
მომავალ არჩევნებზე ჩვენ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თვითმმართველობაზე, უსაფრთხოებაზე, ახალგაზრდებზე, ქუჩებში და სკოლებში ძალადობაზე, დეოკუპაციაზე, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე, ქალაქების განვითარებაზე, სიღარიბის შემცირებაზე და კიდევ უამრავ აუცილებელ თემაზე დისკუსია უნდა შევძლოთ.
ამისათვის მზად უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიებიც და საარჩევნო-პოლიტიკური სისტემაც. თუკი შემდეგი არჩევნები ისევ უშინაარსო და ისევ მტრობისა და ზიზღის ფრქვევის მასკარადი უნდა იყოს, მაშინ რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ის, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ჩვენს ისედაც არც თუ სახარბიელო მდგომარეობას?
სამწუხაროდ, არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ პოლიტიკური ლიდერები მოგვისმენენ და მით უმეტეს, გაითვალისწინებენ რამეს, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ მათ არ ეკუთვნით, ის არავის უჩუქნია მათთვის და არც მხოლოდ მათ ხელშია მისი მომავალი.
ისიც მესმის, რომ ეს ხუთი წინადადება არც ამომწურავია და არც ყველასათვის სრულად მისაღები, მაგრამ დემოკრატია სწორედ კომპრომისებზე, მათ შორის, ხშირად რთულ კომპრომისებზეც დგას.
ეს ხუთი წინადადება არც ამომწურავია და არც ყველასათვის სრულად მისაღები, მაგრამ დემოკრატია სწორედ კომპრომისებზე, მათ შორის, ხშირად რთულ კომპრომისებზეც დგას
იმის მცდელობა, რომ ყველა პარტიამ ყოველთვის მის ყველაზე რადიკალურ ამომრჩეველს ასიამოვნოს, იქამდე მიგვიყვანს, რომ ქვეყანა უბრალოდ ვეღარ შედგება, როგორც ჭეშმარიტი, თანამედროვე სახელმწიფო. თუ ეს არის ჩვენი მიზანი, მაშინ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავართ.
- თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, საჯარო სივრცეში ამ კონკრეტულ თემებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას თითქოს არ უმსჯელიათ, მაგრამ, ფაქტია, რომ თუ თქვენს წინადადებებზე პირდაპირ არა, ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობის აქტუალურ თემებზე ორივე მხრიდან გაკეთდა გარკვეული განცხადებები, რომლებიც გარკვეული დოზით ეხმიანებოდა კიდეც თქვენს მიერ შეთავაზებულ „ხუთი ნაბიჯს პოლიტიკური მშვიდობისთვის“.
თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენსავე წინადადებებზე ერთი მხრივ მმართველი გუნდის, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ჯგუფების რეაქციებსა და დამოკიდებულებას?
- ყველა მხარეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკეთ ხედავენ როგორც კომპრომისების საჭიროებას, ისე პოლიტიკური ცხოვრების საერთო რეფორმის აუცილებლობას.
ამიტომ, მნიშვნელოვანია მხარეებმა ერთმანეთში პოტენციური პარტნიორები და თანამოქალაქეები დაინახონ, თუნდაც ცალკე აღებულ პოლიტიკოსებში, ინდივიდუალურ დონეზე. ორგანიზაციები და პარტიები კი არ ქმნიან ადამიანებს, არამედ ადამიანები ქმნიან პარტიებს და ეს სულ უნდა გვახსოვდეს.
სამოქალაქო საზოგადოებამ კი იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ შევქმნათ მოთხოვნა ახალ პოლიტიკაზე, ახალ მიდგომებსა და თვალსაზრისებზე.
ზოგჯერ სამოქალაქო საზოგადოებაც ადვილად ეხვევა წინასაარჩევნო თუ ძალაუფლების განაწილების ბრძოლებსა და ვიწრო „საინფორმაციო გვირაბებში“ და ამასობაში, თვალსაწიერიდან გრძელვადიან, ფართო პერსპექტივას კარგავს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ერთობლივი წერილი - შევთავაზოთ საზოგადოებას შესაძლო მორიგების ვერსიები და ხელი შევუწყოთ ამაზე მსჯელობის დაწყებას.
სამოქალაქო საზოგადოებამ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ შევქმნათ მოთხოვნა ახალ პოლიტიკაზე, ახალ მიდგომებსა და თვალსაზრისებზე.... შევთავაზოთ საზოგადოებას შესაძლო მორიგების ვერსიები და ხელი შევუწყოთ ამაზე მსჯელობის დაწყებას
- ფაქტია, რომ ქვეყანას უაღრესად ტენდენციურ და პოლარიზებულ გარემოში უწევს ცხოვრება. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები საკმარისად განუვითარებლობის გამო ვერ პასუხობენ დემოკრატიული იდეალებს, რისკენაც ქვეყანა დეკლარირებულად თითქოს უნდა მიილტვოდეს.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არაა, ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების საპირისპირო გადაწყვეტილებებს იღებს.
ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციაც აგრძელებს როგორც მინიმუმ არაეფექტური პოლიტიკის წარმოებას. „ნაციონალების“ მთავარ მიზნად სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რჩება, მაგრამ არ ჩანს თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს.
ამბობენ პარლამენტში შევალთო, მაგრამ ჯერ ეს მომხდარა და იქ მათი საქმიანობა რამდენად ეფექტური იქნება. პარლამენტში მოქმედი სხვა ოპოზიციური ჯგუფები თითქოს აქტიურობენ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი სტატისტის როლში უფრო არიან.
საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
- ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემა, რაზეც იდგა „ცივი ომის“ შემდგომი სტაბილურობა და განვითარება, ყველაზე სერიოზული კრიზისის პერიოდშია. ამ ვითარებაში, ჩვენ აკვარიუმში მარტო მოცურავე თევზს ვგავართ, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება, რა ხდება შუშის კედლების მიღმა.
საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება.
საერთაშორისო პოლიტიკა უღრანი ტყეა, სადაც მტაცებელი ყველაზე ჯანმრთელსა და ძლიერს კი არა, სუსტსა და დაუცველ მსხვერპლს ეტანება. დღევანდელი საქართველო სწორედ ასეთ, განწირულ ცხოველს მაგონებს, რომელსაც თავი ჩაუხრია იმ იმედით, რომ მგელი ვერ შეამჩნევს ან შეიცოდებს და დაინდობს.
საერთაშორისო პოლიტიკა უღრანი ტყეა, სადაც მტაცებელი ყველაზე ჯანმრთელსა და ძლიერს კი არა, სუსტსა და დაუცველ მსხვერპლს ეტანება. დღევანდელი საქართველო სწორედ ასეთ, განწირულ ცხოველს მაგონებს, რომელსაც თავი ჩაუხრია იმ იმედით, რომ მგელი ვერ შეამჩნევს ან შეიცოდებს და დაინდობს
საერთაშორისო პოლიტიკა სინამდვილეში დაუნდობელი საქმეა და ასეთი უპასუხისმგებლობა ძალიან საშიშია და ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
- პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ - „შედეგი შთამბეჭდავია, ყველა კრიზისი დასრულებულია... „ყველა კრიზისი არის დასრულებული იქნებოდა ეს პოლიტიკური კრიზისი თუ სხვა კრიზისები, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“...
„ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველამ, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე იყო ამ ერთი წლის განმავლობაში.“
იმავე ეთერში პრემიერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობა, „პოლიტიკურ მასტერკლასად“ შეაფასა და თქვა, რომ მას მმართველი პარტიის გუნდში „ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში” მთავარი წვლილი მიუძღვის. როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის საქმიანობასა და ამ პროცესში ირაკლი კობახიძის „მასტერკლასის“ შედეგებს?
- დიდი ალბათობით, „კრიზისად“ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა იგულისხმებოდა და არა რაიმე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის გადალახვა. პარტიათა ბრძოლაზეც თუ ვიტყვით, კრიზისი კი არ გადაილახა, არამედ ახალი, მომავალი კრიზისის კიდევ უფრო ღრმა საფუძვლები შეიქმნა, რომელიც როცა დადგება, კიდევ უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე აქამდე.
პოლიტიკური პარტიები ჩაიკეტნენ, დიდწილად თვითონ გახდნენ ავტორიტარული, გაუმჭვირვალე ორგანიზაციები და თავი დაანებეს რეალურ პოლიტიკაზე საუბარს. როგორ შეიძლება ასეთმა ორგანიზაციებმა ქვეყნის დემოკრატიულად და ნორმალურად მართვა მოახერხონ? ეს ხომ შეუძლებელია?
საქვეყნო საკითხებთან მიმართებაში კი მე არ შევაფასებ მათ საქმიანობას, იმიტომ, რომ არსებობს ყველაზე ობიექტური შეფასების შესაძლებლობა - ეს არის ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის კონკრეტული მაჩვენებლები.
ნებისმიერს შეუძლია გადახედოს საკუთარ შემოსავლებს, ინფლაციისა და ემიგრაციის დინამიკას, პროდუქტებისა და სერვისების ფასებსა და მათ ხელმისაწვდომობას, სიღარიბის დონეს და კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ტრაგიკულ ციფრებს. ამის მიხედვით უფრო ადვილია იმაზე მსჯელობა, თუ რომელი „კრიზისი“ დასრულდა და ვინ როგორი „მასტერკლასი“ აჩვენა.
არ ვიცი, შეიძლება მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა, სარკის მიღმა არსებულ საქართველოში ცხოვრობენ, ისეთ საქართველოში, რომელიც არც კოვიდ სიკვდილიანობით ლიდერობს, სადაც რეალური შემოსავლებიც იზრდება, საიდანაც ხალხი კი არ გარბის, არამედ პირიქით, ჩამოდის, სადაც ჯანდაცვა, განათლებისა და ცხოვრების ხარისხი განუხრელად მაღლდება და პოლიციელები ბავშვებს არ სცემენ.
- ფაქტია, რომ საშინაო პოლიტიკაში „კრიზისი დასრულებული არაა,“ რადგან ასეა კითხვას ასე დავსვამ - საშინაო პოლიტიკაში რა ტიპის კრიზისთან გვაქვს საქმე?
- ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური სისტემის სამმაგი კრიზისი. ჩვენი დემოკრატიული კულტურა დეგრადაციის გზაზეა, პოლიტიკური პარტიები საერთოდ ვეღარ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად და პოლიტიკური სისტემა ვეღარ ახერხებს პერმანენტული კრიზისების ვერც განმუხტვას და ვერც ახლების თავიდან აცილებას. ამ ყველაფერსაც ერთგვარი „მასტერკლასი“ შეიძლება დავარქვათ, რომელიც პოლიტიკოსებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწყვეს.
მთავარი შეცდომა ისაა, რომ პოლიტიკოსებმა რაღაც მომენტში ჩათვალეს, თითქოს უკეთესია იმაზე ისაუბრო, თუ როგორი ცუდია სხვა, ვიდრე იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლია და როგორ გააკეთებ ამას. შეცდომაა, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს პირველი უფრო აინტერესებთ, ვიდრე მეორე.
პოლიტიკური პარტიები ჩაიკეტნენ, დიდწილად თვითონ გახდნენ ავტორიტარული, გაუმჭვირვალე ორგანიზაციები და თავი დაანებეს რეალურ პოლიტიკაზე საუბარს. როგორ შეიძლება ასეთმა ორგანიზაციებმა ქვეყნის დემოკრატიულად და ნორმალურად მართვა მოახერხონ? ეს ხომ შეუძლებელია?
ჩვენი პოლიტიკური კლასი ან ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს, ან მისი ახლით ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება
პოლიტიკური პარტიები თავად გახდნენ დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით ყოფილიყო.
ჩვენს ქვეყანაში საერთოდ დაიკარგა პოლიტიკური დიალოგის კულტურა. რატომ გახდა მაგალითად, წარმოუდგენელი მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლის შეხვედრა სადმე, სატელევიზიო ეთერში ან თუნდაც მაგალითად, ჭიქა ყავაზე, კაფეში?
ნუთუ ეს ასეთი საოცრად რთული, საშიში და სამარცხვინო რამაა? ანდა, კითხვითვე რომ გიპასუხოთ, ბოლოს როდის მოუსმინეთ მთავრობისა და ოპოზიციის ნორმალურ, ცივილურ დისკუსიას რაიმე საკითხზე? ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკის უკიდურესი დეგრადაციის ნიშანია.ჩვენი პოლიტიკური კლასი ან ახალ სტანდარტზე უნდა გადაეწყოს, ან მისი ახლით ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება.
საქმე იმაშია, რომ იმის გარანტია, თითქოს ეს ახალი წინაზე უკეთესი იქნება, სულაც არ გვაქვს. სავსებით შესაძლებელია, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად დავეშვათ იმ ციცაბო დაღმართზე, რომელზეც ისედაც სწრაფად მივცურავთ.
ახლა ჯერი უფრო სამოქალაქო საზოგადოებაზეა და მისგან უფრო მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებების შემოქმედება, ვიდრე იმ პოლიტიკური კლასისგან, რომელიც აგერ უკვე მესამე ათწლეულია ერთი და იგივე: შუღლის, დაყოფის და უსაგნო, მტრული პოლემიკის წრეზე ატარებს საზოგადოებას და ამის სანაცვლოდ ხმებს, პატივისცემას, ფულსა და პრივილეგიებს ითხოვს. ითხოვს და იღებს კიდევაც.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”