პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს პარტია არა როგორც ინდივიდუალურ გადაცდომად, არამედ სისტემურ პრობლემად განიხილავს.
ბუჩუკურის განცხადებით, აღნიშნული ხელისუფლების მხრიდან მიღებულმა მავნებლური გადაწყვეტილებების კასკადმა განაპირობა.
„ ამ მძიმე შემთხვევას ჩვენი გუნდი არ განიხილავს როგორც ინდივიდუალურ გადაცდომას და პრობლემას, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც განაპირობა ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით ბოლო თვეებში მიღებულმა მავნებლური გადაწყვეტილებების კასკადმა“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
როგორც მან განაცხადა, მისი პარტია ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იწვევს.
„ჩვენი საპარლამენტო გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ - მინისტრს პარლამენტში იბარებს. შევახსენებთ მათ, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ამ ადამიანებმა გაგვცენ პასუხი - როგორ აპირებენ ამ უმწვავეს სისტემურ პრობლემებთან გამკლავებას, რატომ არის შეჩერებული აბსოლუტურად ყველა რეფორმა, რატომ აღარ არის ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი? გარდა ამისა, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ შემოგვიერთდნენ ამ მოთხოვნაში, რათა კიდევ ერთხელ არ მიეცეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ გაექცეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც ეს მოხდა 5-6 ივლისის მოვლენების შემთხვევაში“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.