საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს" დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერს, ეკა ბესელიას, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს და რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და მართლმსაჯულების საკითხი იქნება.
როგორც "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
„იმ ძალიან არაჯანსაღ, პოლარიზებულ და ტოქსიკურ გარემოში, რომელშიც სამწუხაროდ, ეს ქვეყანა არის, ამაში მეტ-ნაკლებად ყველას წვლილია, განსაკუთრებით ხელისუფლების, რომელიც დგას და ინარჩუნებს ძალაუფლებას ხელოვნურად, პოლარიზებით და თამაშით. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიალოგის თუ არა გარკვეული საუბრის მოძებნის შესაძლებლობა იქ, სადაც განსხვავებული მოსაზრებებია, მათ შორის კონკრეტულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული ხედვებიც კი. რთულია ისაუბრო მაშინ, როდესაც განსხვავებული აზრია, თორემ ყველა თუ ერთ აზრზე ვართ, იქ საუბრის და შეჯერების საჭიროებაც არ წარმოიშვება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა პოლარიზებული სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელთან, კონკრეტულად დღეს ალბათ უფრო მეტი სიცხადე ექნება მის ხედვას. მაინტერესებს, როგორ ხედავს ამ პერსპექტივიდან ინიციატივის გაგრძელებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ინიციატივა გადავიდეს კონკრეტულ და დროულ ნაბიჯებზე",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით კი, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშველოვანი იქნება, რომ საზოგადოებას ამ საკითხზე სწორი მოლოდინი შეექმნას.
„არ ვიცი, რა ფორმატია ეს და რა საკითხები იქნება განხილული. ლოგიკურად ვხვდები და ეს ინფორმაცია მაქვს, რომ ეს არის ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. ჩემი მხრიდან არის გასათვალისწინებელი ის, რომ საზოგადოებას სწორი მოლოდინები შევუქმნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ის, რომ ვიფიქროთ იმაზე, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს და კონკრეტული კრიზისიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.