საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციას ეხმაურება.
„რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროსთან ხელოვანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი კულტურის სფეროდან, კერძოდ კი, ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
მათივე განმარტებით, შედგენილია პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.