პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის მიერ გამოხატული სურვილის მიუხედავად, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განმარტა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მაინც და მაინც პოპულარული არ არის, თუმცა ის არ ეთანხმება, რომ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
სარჯველაძის თქმით, ნათელაშვილი დაუპირისპირდა სამართალს და ეს იქნება მის მიმართ სამართლის მიერ გაცემული პასუხი.
„ნათელაშვილის შემთხვევაში კი მოვისმინეთ განცხადება, რომ მან სურვილი გამოთქვა, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო სხდომებში, საპარლამენტო მუშაობაში, ვნახოთ რა გამოირკვევა თვითონ განხილვების პროცესში, სიმართლე გითხრათ, მე ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ფორმალური მხარისკენ ვიქნებოდი გადახრილი და ფორმალური თვალსაზრისით მივიღებდი გადაწყვეტილებას. მე დაველოდები იმას, რასაც გაარკვევს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამის მიხედვით ვიმსჯელებ ამ საკითხზე. გაცდენას სხვა ფაქტორებიც თუ დაემთხვევა, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს რომელიმე ცალკეულ შემთხვევაში მომართვა გაკეთებული ან არ ჰქონდეს, იმ სხდომებთან დაკავშირებით საპატიო იქნება თუ არასაპატიო, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, რომ ანალიზს საჭიროებს და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, მიუხედავად მისი სურვილისა. ეს არის ერთადერთი პოლიტიკოსი ოპოზიციაში, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ აკეთებს სწორ განცხადებებს, ოღონდ არალევენტურ დროს და ამის გამო, ეს განცხადება ხდება არასწორი. სჯობს გვიან ... ეს პარადიგმა არ მოქმედებს ყოველთვის და არის მომენტი, როდესაც ხელიდან გაშვებულია შესაძლებლობა. ის რაც კანონმდებლობის განაწესია, იმის აღსრულებას უზრუნველვყოფთ ჩვენ. როდესაც ვამბობდით თავის დროზე, რომ მოქმედ სამართალს უნდა სცეს პატივი და არა უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს იყო ზუსტად, რასაც ვგულისხმობდით, ის დაუპირისპირდა სამართალს და სამართლის პასუხი ეს არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ისეთი ფორმალური საკითხები არ აინტერესებს, როგორიც არის პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არმინიჭება, თუმცა მან ამასთანავე აღნიშნა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას გააკეთებს, ეს გავლენას იქონიებს გადაწყვეტილებაზე.
„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ დაზარალებულად ცნობაზე უარი ეთქვა და პარალელურად მასალების გაცნობის უფლება მიეცა, პროკურატურას აქვს ასეთი უფლებამოსილება და ეს არავითარი ლოგიკური არათანმიმდევრულობა არ არის. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს დაზარალებულის ცნობის სტატუსისგან თავშეკავების შესახებ, ეს, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალურია, ამას ხომ აქვს წინაპირობები, უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, უნდა არებობდეს საკმარისი საფუძველი ითქვას, რომ ვიღაცამ ზიანი განიცადა, ეს ხომ არ არის დაჭრის ფაქტი, სადაც ეს უდავოა. სტრასბურგმა მეეჭვება ყურადღება გაამახვილოს კონკრეტულ სტატუსზე. იმ მოტივით, რომ დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, საქმის გაცნობის უფლება არ მისცემოდათ ადვოკატებს, ამ შემთხვევაში ამაზე სტრასბურგს შეიძლება ჰქონოდა რეაქცია. სტრასბურგი თუ იტყვის, ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, იქონიებს გავლენას გადაწყვეტილებებზე,“- განაცხადა სარჯველაძემ.