სერგი კაპანაძე - საქართველოს უკვე დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს - „რუსეთს უნდა დავუყვავო, ბაბაია დავუძახო და განცხადება საერთოდ არ გავაკეთო“, არის სტრატეგიული პრობლემა

უკვე დიდი ხანია, რომ საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს ქვეყანას, - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში გაცნობიერებული აქვთ არსებული საფრთხეები, თუმცა მიაჩნიათ, რომ უკრაინის თემაზე განცხადება არ უნდა გააკეთონ, რაც „ძალიან მცდარია“.

„მე არ მგონია, რომ გაცნობიერებული არ აქვთ ის საფრთხე, რომელიც არსებობს, მაგრამ შეიძლება ეს საფრთხე გაცნობიერებული გქონდეს და მიგაჩნდეს ძალიან მცდარად, რომ პირიქით, ახლა უნდა დავუყვავო, ბაბაია დავუძახო და საერთოდ განცხადება არ გავაკეთო. აქ არის, ჩემი აზრით, სტრატეგიული პრობლემა.

დიდი ხანია უკვე, რომ საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს ქვეყანას. ბევრი მიზეზი აქვს ამას, მათ შორის ის, რომ ერთი კაცი მართავს ქვეყანას, სხვა ღირებულებები აქვთ. ეს არის მოცემულობა, სამწუხაროდ. მე არ მახსოვს, რომ სადმე ვყოფილიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე და დანანებით ჩვენს მეგობრებს არ ეთქვათ, რომ ეს რა უბედურება მოგივიდათ საქართველოში, რომ აღარ ხართ საერთოდ არსად“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი რაციონალურად არ მოქმედებს და შეიძლება მას უბრალოდ ყველაფრის ფასად საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

„პუტინს შეიძლება უბრალოდ უნდა, რომ ყველაფრის ფასად აღადგინოს საბჭოთა კავშირი და ყველაფრის ფასად უკრაინის სუვერენიტეტი დაამხოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასწორის მეორე პინაზე რა დევს. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური ლიდერისთვის ადამიანის სიცოცხლის რაოდენობა არის გადამწყვეტი, შეიძლება არ უღირდეს, მაგრამ მას ეს არ აინტერესებს, მაგრამ მას შეიძლება აინტერესებდეს ფინანსური სანქციები, ეკონომიკური დარტყმა და ა.შ.”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა არ არის დიდი ეკონომიკა და დასავლეთის მხრიდან მისი საერთაშორისო საფინანსო პროცესებიდან სრული იზოლირება შეიძლება „მომაკვდინებელი დარტყმა“ აღმოჩნდეს რუსეთისთვის.

„მე როგორც ვხედავ, სტრატეგია, რომელიც აქამდე დასავლეთს ჰქონდა იყო, რომ არ ესაუბრა კონკრეტულ სანქციებზე და ესაუბრა უფრო ზოგად და მუქარის შემცველ დაპირებაზე, რომ აქამდე უნახავ დარტყმას მიიღებო. ისე თეორიაში ცნობილია, რა სანქციებზეცაა საუბარი და მენიუ საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი არის „სვიფტიდან“ გათიშვა, ასევე, ამერიკამ დაიწყოს ჩანაცვლება ნავთობპროდუქტების მიწოდების ევროპაში რუსეთის ნაცვლად. ეს არის ეკონომიკური პროცესებიდან გათიშვა, მთლიანად იზოლირება რუსული კომპანიების საერთაშორისო სესხებიდან, გრანტებიდან და საერთაშორისო საფინანსო პროცესებიდან, რომელიც უბრალოდ მომაკვდინებელი დარტყმა შეიძლება იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც არ დაგვავიწყდეს, რომ არ არის დიდი ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკის სრული კაპიტალიზაცია რომ აიღო, სულ არის ფინეთის და ჰოლანდიის დარი.

ამ შემთხვევაში პუტინი არ იქცევა რაციონალურად, თუმცა ეკონომიკურ დიდ პაკეტს თუ დაემატება პერსონალური და ფინანსური სანქციები, ანგარიშების გაყინვით გაგრძელებული და თუ ამას თან დაემატება შეიარაღებული უკრაინა, რომელიც იომებს და მსხვერპლი დაემატება, რა თქმა უნდა, მერე შემოდის დროის ფასი. რუსეთი ზუსტად ისე იქცევა, როგორც თავის დროზე ჰიტლერის გერმანია იქცეოდა. ბლიცკრიგი თუ არ გამოდის, დიდხნიანი ომი არ არის ის, რისთვისაც აკეთებს ამას რუსეთი. პუტინს უნდა მყისიერი წარმატება, ოღონდ ეს კი არ უნდა მარტო, მთავარი, რაც მას უნდა არის დასავლეთის დესტაბილიზაცია. უკრაინა, როგორც პრიზი, უფრო პატარა პრიზია, ვიდრე დესტაბილიზებული და გაყოფილი დასავლეთი, დასავლეთი, რომელიც ერთმანეთში კინკლაობს, რომელიც ჩხუბობს იმაზე, როგორი უნდა იყოს სტრატეგია, რომელიც ვერ თანხმდება, იარაღი მიცენ თუ არ მიცენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა