პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა „საპარტნიორო ფონდში“ ქართული საწარმოების ხელმძღვანელად ინიშნება. როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.
„არასწორია ეს ინფორმაცია. როცა იქნება ამის თქმის დრო, გაიგებთ, მოგვიანებით“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა. 29 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. კახა კუჭავამ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს დღეს მიმართა. შესაბამის გადაწყვეტილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის გათვალისწინებით, კუჭავას ადგილმონაცვლე პარლამენტში გია ცაგარეიშვილია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ კახა კუჭავა " ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე იმუშავებს”.