წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წულუკიანის გათავისუფლების პეტიციას ხელს შეგნებულად არ აწერს, რადგან მისი თქმით, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები თავს იტყუებენ და მათ უნდა დაინახონ, რომ თეა წულუკიანი რეპრესიებს ახორციელებს.
უგულავა ამბობს, რომ სფეროს წარმომადგენლებს, თუნდაც 4-5 კაცს, შეუძლია შეცვალოს ვითარება, თუ ხმამაღლა ისაუბრებს იმაზე, რაც არ მოსწონს.
„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 35 ადამიანის გაშვება, ეროვნული მუზეუმიდან ხალხის დაფერთხვა - დაწყებულია ეს პროცესი. „ჭოლას“ თემა არ ვიცი, მაგრამ თეა წულუკიანი მოვიდა იქ როგორც ჩვეულებრივი სახალხო კომისარი, მაუზერი აკლია, ის განცხადება გუშინ რომ გამოაცხვეს, რა იყო? კულტურის სამინისტროს ლოგო შეუცვლიათ და ციხის გისოსებს ჰგავს, რა ლოგოა საერთოდ? გისოსებს, საზღვრებს არ უნდა ცნობდეს კულტურა, ამიტომ არის კულტურა, მაგრამ იმთავითვე ცნობილი იყო, რომ წულუკიანი მოვიდოდა და ამას ჩაიდენდა. სხვათა შორის გუშინ პეტიცია რომ გავრცელდა, მე იმთავითვე არ ვაწერ ხელს მის გადაყენებას, რადგან ყველა, ვინც თავს იტყუებს, სირაქლემას პოზაშია, რა ვქნა, კულტურაში ვარ, სპორტში ვარ და არაფერი მეხება, მათ ეს უნდა დაინახონ, რადგან წულუკიანი არის რეალური სახე, ერთ-ერთი სახე ამ ხელისუფლების, წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ასეთი ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი და გაატარებს რეპრესიებს. აბა, 3-4-მა ამ სფეროში ამოიღოს ხმა, მაგრამ „სანამ მე არ შემეხებიან, ხმას არ ვიღებ“ - ასე არაა სწორი. ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თანამდებობა აქვთ, სწორედ იმ თანამდებობას დაკარგავენ. თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ, ცალ-ცალკე წულუკიანი ყველას მოერევა, მაგრამ ერთად ვერა, თუნდაც, 4-5-მა ადამიანმა რომ ამოიღოს ხმა. ასეა დამიჯერეთ, კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ასე რომ, მათ ხელშია, უნდათ რეპრესიები? - მიიღებენ რეპრესიებს, არ უნდათ? - ბევრი ბრძოლა არ დასჭირდებათ, რადგან 5-მა კაცმა შეიძლება ამოაყირაოს წულუკიანი თავისი გისოსებიანი ლოგოთი,“ - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ამ პოსტიდან გადაყენებას მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით სთხოვენ. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. პეტიცია 17 იანვარს შეიქმნა.
პეტიციის ავტორი და ხელმომწერები თეა წულუკიანის მინისტრობის დროს არსებულ 4 ტენდენციაზე აკეთებენ აქცენტს:
საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნება;
პროფესიონალების გათავისუფლება იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად გამოთქვეს უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარი თქმა და დაუსაბუთებელი, ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობა, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების, ასევე მუზეუმის კოლექციების დაზიანებასაც.
კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციის შედგენას წინ უძღოდა აქციის დაგეგმვა სამინისტროსთან, რომელიც კულტურის სისტემაში, უფრო კონკრეტულად კი ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო 21 იანვარს გაიმართება. სამინისტროს დაქვემდებარებულ ამ ორ უწყებაში არაერთი სტაჟიანი მეცნიერი გასულ კვირაში სამსახურიდან გაათავისუფლეს.
17 იანვარს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2021 წლის მიწურულს გამოცემული წიგნის შესახებ. განცხადებაში სამინისტრო მუზეუმს შეცდომისკენ მიუთითებს და ამ საკითხის ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელთან, ლაშა ბაქრაძესთან "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.