იუსტიციის სამინისტროსთან საინიციატივო ჯგუფის - "მიშას სექტორის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მის მოსანახულებლად პირად ექიმს და კონსილიუმის წევრებს არ უშვებენ.
აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს ორ დღიან ვადას აძლევენ. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ თუ ორი დღის განმავლობაში სააკაშვილთან პირად ექიმს და ოჯახის წევრებს მოსანახულებლად შესვლის უფლებას არ მისცემენ, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: "თავისუფლება მიშას". იუსტიციის სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.