ამ დროისთვის, საქართველოში არსებული სკოლების პერსონალის 73 % ვაქცინირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მათგან 94 %-ს აცრა ორი დოზით აქვს გაკეთებული.
რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, უწყების ცნობით, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 11% დისტანციური სწავლის რეჟიმზეა.
„ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლა უკავშირდება ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო გასული სემესტრების მსგავსად, მშობლებს კვლავ სთავაზობს მოქნილ სისტემას - მათ აქვთ დასწრებითსა და დისტანციურს სწავლებას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.