პირბადეების ტარება მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი - ეს არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის'' გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდით და აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებით, „ომიკრონის“ გამოწვევას საქართველო სხვა ქვეყნებზე უკეთ დაძლევს.
„აქ მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც, ეს არის პირბადეების დაბალი მოხმარება. ამას რა უნდა? - გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ოჯახის წევრებს, მოხუცებს. პირბადეების ტარება მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი - ეს არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი. თუ ეს ორი გამოსწორდება, ან სანახევროდ მაინც გამოსწორდება, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ დავძლევთ „ომიკრონის“ გამოწვევას“ , - განაცხადა ცერცვაძემ.
გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში შესაძლო დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ ემხრობა.
„მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ დამატებითი შეზღუდვების, მაგრამ რა შეზღუდვებიც არსებობს აქ მთავრობის ლიბერალური პოზიცია არ მომწონს. აღსრულების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის მთავრობასთან. მთავრობას უნდა გაეკეთებინა რაღაცა. შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. შემოიტანეს ხუთი საუკეთესო ვაქცინა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები, კარდაკარ სიარული სოფელში, რაიონებში დარწმუნება, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ? შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. პასუხი იქნება ასეთი - შეუძლებელი უნდა გაეკეთებინათ. ინოვაციური მიდგომები უნდა გამოენახათ , რომ ასე სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება აეძულებინათ დარწმუნებით, რომ აცრა ყოფილიყო მეტი“, - განაცხადა ცერცვაძემ.