თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ავადდებიან კოვიდპაციენტები კლინიკებში სხვა შიდა ჰოსპიტალური ინფექციებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ ემართებათ ყველაზე ხშირად კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები.

როგორც ცერცვაძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, კოვიდინფიცირებული პირები სხვა პაციენტებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ყველაზე მეტია, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ინფექცია დაემართოთ, დიდიაა.

ცერცვაძის განმარტებით, ამის აღმოფხვრას ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანაა, თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.

„ყველაზე მეტი გაუგებრობა და ყველაზე არასაჭირო ინსინუაციები გამოიწვია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებამ. ქალბატონმა მინისტრმა სწორად ბრძანა, კონსტატაცია სწორად მოახდინა. ერთადერთი, რასაც ჩემი კოლეგები ამბობენ და ვიზიარებ, ეს იყო წმინდა პროფესიული საკითხი, რომელიც ექიმებთან უნდა გაჟღერებულიყო და არა მოსახლეობასთან. მოსახლეობამ არ იცის და შესაძლოა მცდარად აღიქვას, ამას კი მოჰყვეს ან გულწრფელი ან გამიზნული ინსინუაციები. შიდა ჰოსპიტალური ინფექციები არის ის სიტუაცია, როცა პაციენტი ნებისმიერი დიაგნოზით შედის კლინიკაში და კლინიკაში, სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში და ამ პაციენტს [დაემართება]. ეს იშვიათია, მაგრამ შეიძლება ის დაინფიცირდეს. შემდეგ მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომელიც ხან არის წარმატებული, ხან არა. ეს მსოფლიოს პრობლემაა; არ არსებობს სამეფო კლინიკებიც კი, სადაც ეს პრობლემა არ არის.

ძნელია ამოძირკვა ბაქტერიების, განსაკუთრებით რეანიმაციიდან, სადაც ხდება ინტუბაცია, ინვაზიური ჩარევები. ეს მსუყე ნიადაგია იმისთვის, რომ ბაქტერია გაჩნდეს და გამრავლდეს. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი ნაგებობები, ახლადგარემონტებული ოთახები, ძალიან კარგი ვენტილაციის და სტერილიზაციის სისტემა. ერთჯერადი ინსტრუმენტები და ბევრი რამ. ეს კომპლექსური ამბავია. საქართველოში ამას ცდილობენ, ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ სრულად მიღწევადი არ არის. ეს საკითხი აქტუალურია ინსულტიანებში, ონკოლოგიურ ავადმყოფებში, ინფარქტიანებში, ნებისმიერ ავადმყოფებში, მაგრამ ასევე კოვიდიან ავადმყოფებშიც, თუმცა, კოვიდიანები სხვაზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციებში, სადაც სხვა განყოფილებებზე მეტადაა ეს შიდა ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ ალბათობა, რომ ინტუბირებულ კოვიდავადმყოფებს ეს ინფექცია დაემართოთ, მეტია. ამის აღმოფხვრას სამინისტრო ცდილობს და ყველა ახალი მინისტრის ამოცანა ესაა და ამის აღმოფხვრა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. კოვიდის პანდემიას ეს ვერ მოუსწრებს, ეს წლების განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მოხდეს. აბსოლუტურად აღმოფხვრილი ეს პრობლემა მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არაა, ოღონდ ზოგან მეტია, ზოგან ნაკლები. მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩვენი დონის ქვეყნებთან შედარებით სხვაზე მეტია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წლის 26 დეკემბერს, სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ლეტალობის გამომწვევი მიზეზი არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას