დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუშავეს და თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონ აშშ დოლარს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან და მათთან ალიანსში "ნაცმოძრაობა" .
ოხანაშვილის თქმით, მათ პოლიტიკას შეაფარეს თავი, რათა თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.
"მაშინ, როდესაც ეს ადამიანები და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მსჯავრდებულთა ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდენია, საინტერესოა, როგორ და რატომ მოხდა, რომ სესხის მიმღებმა კომპანიებმა აღებული თანხა მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებზე გადარიცხეს, სესხი კი რამდენიმე თვეში ჩამოეწერათ - “ეპატიათ”.
სხვათაშორის, საინტერესოა, 17 მილიონი რამდენი ჩვენი მოქალაქისთვის აქვთ ჯერ სამომხმარებლო მიზნებისთვის მიცემული და შემდეგ ჩამოწერილ/ნაპატიები ხაზარაძე-ჯაფარიძეს?!!
როდესაც ამ საქმის პოლიტიზებაზეა საუბარი, ამ საქმეში თუკი ვინმემ შეიტანა პოლიტიკა, ესენი არიან სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათთან ალიანსში "ნაცმოძრაობა".
ამ პირებს ხალხზე ზრუნვა 2019 წლის ივლისში - გამოძიების დაწყების შემდეგ - გაახსენდათ, რათა პოლიტიკისთვის შეეფარებინათ თავი და თაღლითობაზე საქმის წარმოება პოლიტიკურ დევნად გაესაღებინათ.
საბოლოოდ, თვალსაჩინოა “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შორის მსგავსება სამართლებრივ და პოლიტიკურ თაღლითობაში, ერთ მხარეს არის ბიუჯეტის ფულის მისაკუთრებაში მხილებული გიგი უგულავა და მეორე მხარეს ბანკის ფულის თაღლითურად დაუფლებაში მხილებული ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი", - წერს ოხანაშვილი.