ვნახეთ, რომ სააკაშვილი ციხეშია და ქვეყანაში არაფერი არ ხდება. არ მგონია, ხელისუფლებას დამატებით დაპატიმრებების ეშინოდეს, მაგრამ არ გამიკვირდება თავს არიდებდნენ დამატებითი სირთულეების გაჩენას მათ შორის „ლელოს“ მიმართულებით, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული საქმის ირგვლივ პოლიტიკური დატვირთვა არ არსებობდა და „ლელოს“ პოლიტიკური მდგომარეობა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა ვინმე მათზე ზეწოლის განხორციელებით შეწუხებულიყო.
„ვერ ვიტყოდი, რომ ამ საქმეში პოლიტიკური დატვირთვა არსებობდა. რომ შევაფასოთ ეტაპი, როდესაც ხაზარაძე-ჯაფარიძემ უფრო აქტიურად გადაინაცვლეს პოლიტიკურ სცენაზე, მათი პოლიტიკური მდგომარეობა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ვინმე შეიძლება შეწუხებულიყო მათზე ზეწოლის განხორციელებით. მათი მხარდამჭერი იმ რაოდენობის არ იყო, რომ ამხელა პროცესი ყოფილიყო წამოწყებული მათი დასუსტებისთვის. „ლელოს“ მხარდამჭერებს დასაწყისში ჰქონდათ მესამე ცენტრის მოლოდინი და ამ რესურსით იღებდა თავის მხარდამჭერებს, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფმა „ნაციონალებისკენ“ გადაინაცვლა მესამე ცენტრის შექმნაზე ლაპარაკი შეწყდა. ვერ ვხედავ პოლიტიკურ მოტივს, რომ „ლელოს“ წინააღმდეგ დევნა ან ნადირობა იყოს გამოცხადებული. როდესაც გადაიხარნენ „ნაციონალებისკენ“, თავიანთი ფუნქცია დაკარგეს პოლიტიკაში, ეს ჯგუფი გახდა რაღაც დამხმარე ჯგუფი.
ბრალის გადაკვალიფიცირება არ გამკვირვებია, შიშზე ლაპარაკი არსებული იქნებოდა თუ სააკაშვილის დაპატიმრება ისეთ ძვრებს გამოიწვევდა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებას ეშინოდეს. ვნახეთ, რომ სააკაშვილი ციხეშია და ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არ მგონია, რომ ხელისუფლებას დამატებით დაპატიმრების ეშინოდეს, მაგრამ, თავს არიდებდნენ დამატებითი სირთულეების გაჩენას მათ შორის „ლელოს“ მიმართულებით, არ გამიკვირდება. ქვეყანამ უნდა მიაღწიოს სიმშვიდის წერტილს და მორიგი გაღიზიანებები თუ ამის აუცილებლობა არ არის, ხელისშემშლელი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. წამგებიანი იქნება ხელისუფლებისათვის ახლა მათზე ხელის აღმართვა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.