მეჩვენება, რომ ნაყოფიაც და პეტრე ცისკარიშვილიც შედარებით ზომიერების ფლანგს მიეკუთვნებიან - ვფიქრობ, მელიამ პოზიციები მინიმუმ შეინარჩუნა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილმა ყოველდღიური აქტიურობა გააგრძელა, პარტიას მანევრის საშუალებას „მოუკლავს“.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის „დღის წესრიგმა დაღუპა“.
„საერთოდ პოლიტიკაში ამომრჩეველი ძალიან ხშირად ქვეცნობიერად აზროვნებს. გასაგებია, რომ სააკაშვილი ზის ციხეში, მისი უძლეველობის მითოსი ამომრჩეველში ნაწილობრივ დანგრეულია, მელიასადმი პრეტენზიებიც გასაგებია, მაგრამ მე უფრო დავინახე, რომ მელია მინიმუმ არ დასუსტებულა, თავისი ხაზი გაატარა დღეს. ნაყოფიაც და პეტრე ცისკარიშვილიც, არ ვიცნობ შიდა სამზარეულოს ასე კარგად, მაგრამ მეჩვენება, რომ შედარებით ზომიერების ფლანგს მიეკუთვნებიან. ასე რომ, მე ვფიქრობ, მელიამ პოზიციები მინიმუმ შეინარჩუნა.
მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგმა დაღუპა საერთოდ ოპოზიცია. დღევანდელი აქტივობაც სააკაშვილის, დილა-საღამოსი, ყოველდღიური, ესეც ხელისუფლების ინტერესებშია. თუ სააკაშვილმა ასე იაქტიურა, ვერც რეგიონებში გავლენ ესენი და ვერც სხვა თემაზე ვერ ილაპარაკებენ იმიტომ, რომ მათ მოსწონთ თუ არა ლიდერად თუ ბელადად ის ითვლება მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ საკუთარი პოლიტიკური სახე შექმნა, მიხეილ სააკაშვილი რჩება ლიდერად და თუ ის ყოველ დღე იწივლებს, რომ მთავარი თემა ჩემი გათავისუფლებააო, პარტიასაც მანევრს მოუკლავს საერთოდ”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა გადაცემაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და აღნიშნულზე სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს ეს შედეგს ვერ მოიტანს, რადგან მას ხელისუფლება მარტივად დაძლევს და საზოგადოებრივი პროცესის მომზადების გარეშე ვეტო ფორმალობად დარჩება.
„ვეტოცაა და ვეტოც. არის ფორმალური ვეტო და ასეთი ვეტოები ვნახეთ მარგველაშვილის პერიოდში. იყო ვეტო, მერე იქნებოდა გადალახული და არაფერი ამას არ მოჰყვებოდა. ვეტოს სჭირდება ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი ზურგი. მარტო პრეზიდენტის ზურგი არ არის საკმარისი, წნეხი უნდა იყოს ხელისუფლებაში საზოგადოებიდან იმიტომ, რომ იმ ვეტოს გადალახავენ, იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი რამეს გამოაგორებს ციხიდან, მორიგ წერილს, ვიჭუჭყუნებთ ერთი დღე და მეორე დღეს დაგვავიწყდება. სერიოზული პოლიტიკური პროცესი უნდა მოჰყვეს ვეტოს დადებას, ვეტოს სჭირდება მომზადება, ვეტოს სჭირდება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია იმ ტიპის, რომელსაც ხელისუფლება ვერ გაუძლებს. პრეზიდენტს ფორმალურად შეუძლია საკუთარი სინდისის დასაწყნარებლად ვეტო დაადოს, ისინი მერე გადალახავენ და ყველა დარჩება გაღიმებული. თუ ზურაბიშვილს ნამდვილად უნდა შედეგის მიღება, არა ის, რომ მე ჩემი ვალი მოვიხადე, ვალის მოხდის მიზნით კი არა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ინიცირება ასეთი ტიპის საზოგადოებრივი პროცესის და სერიოზული წნეხის განხორციელება სხვადასხვა ფორმით ხელისუფალზე, სხვანაირად არ გამოვა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში" სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. აღნიშნულ პოზიციას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.