არ არის სწორი, ყოველ ჯერზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია იქმნებოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, უცნაური არაფერია იმაში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციის რიგებში კონსულტაციები დაწყებულია, მაგრამ “ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმი, როგორიც დროებითი საგამოძიებო კომისიაა, სტანდარტული საგამოძიებო პროცედურების ალტერნატივა არ არის“.
“არ მგონია, სწორი და რელევანტური მექანიზმია არჩეული, რომ როცა ადამიანებს საკითხის შესწავლის და შეფასების სურვილი აქვთ, ამ ფორმით და ამ საშუალებით მოხდეს. დაველოდოთ პროცესებს, რაც საგამოძიებო უწყებებში მიმდინარეობს და როდესაც გარკვეული მონაცემები გვექნება, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა იმისა, ცალკეული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება-არგამოყენების მიზანშეწონილობაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ “არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.