„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი 2021 წელს ასოციაციის მხრიდან განხორციელებულ საქმიანობა შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.
ირაკლი ყანდიაშვილი 2021 წელს მედიაციის განვითარების მიმდინარე ეტაპზე ნაყოფიერად მიიჩნევს.
„2021 წელი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ახალი პროფესიის დანერგვის თვალსაზრისით საქართველოში. წლის განმავლობაში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიის შემდგომი ინსტიტუციური დამკვიდრების გზაზე, ყველაფერი რა თქმა უნდა დათვლადია და ორგანიზაციის წევრებმა წლის ბოლო საერთო კრებაზე წელი ნაყოფიერად და პროდუქტიულად შეაფასეს გამომდინარე იქიდან, რომ განხორციელებული ქმედებები და აქტივობები იძლევა მსგავსი დასკვნის გაკეთების საშუალებას“, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
2021 წლის მანძილზე პირველად საქართველოში “საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ სერტიფიცირების პროგრამის დებულების საფუძველზე გასცა პროგრამული აკრედიტაცია რის საფუძველზეც 7-მა ინსტიტუციამ მიიღო უფლება მედიატორების მომზადების, აღნიშნულის შედეგადაც მედიაციით დაინტერესებული 200 მდე პირი გადამზადდა, საშემოდგომო და საგაზაფხულო მიღებაზე მათგან უმრავლესობამ წარმატებით გაიარა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების ეტაპი რაც კი იმას ნიშნავს, რომ იზრდება ინტერესი პროფესიისადმი.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აკრედიტირებული ტრენერების და შემფასებლების მხრიდან ეფექტიანად განხორციელდა მათზე დელეგირებული უფლებამოსილებები, ამასთანავე ამოქმედდა სერტიფიცირების წესის ფარგლებში გასაჩივრების სააპელაციო კოლეგია.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ’’ სასამართლოსთან ერთად აქტიური თანამშრომლობით დაიწყო და ახლაც მიმდინარეა პროფესიაში შემოსვლის მე-3 საფეხური, აღნიშნული საფეხურის გავლის შედეგად უკვე განხორციელდა პროფესიაში ახალი მედიატორების მიღება, რაც ნათელი მაგალითია, იმის რომ იზრდება ინტერესი მედიატორის პროფესიისადმი, ამასთანავე 2021 წელი იყო რეკორდული წინა წლებთან შედარებით სასამართლო მედიაციის ცენტრებში განხილულ საქმეთა კუთხით და მიღწეულ შეთანხმებების სტატისტიკა ინარჩუნებს მაღალ ნიშნულს (მედიაციისადმი მიმართულ საქმეთა 70-75% სრულდება შეთანხმებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წელს, მოხდა მედიაციის ცენტრების გაფართოება და მათ შორის რეგიონალურ ჭრილში გადაიდგა მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები, კერძოდ, 4 ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი დაფუძნდა თბილისის საააპელაციო სასამართლოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს ბაზაზე, რაც შეუქცევადი პროცესია და 2022 წელს, სრულად უნდა მოხდეს ყველა ტერიტორიული ლოკაციის მოცვა.
2021 წელი მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაციის სრულყოფილი სახით შექმნის და საზოგადოებაში კიდევ ერთი კუთხით სანდოობის მოპოვების თვალსაზრისით, კერძოდ, ამოქმედდა მედიატორთა ერთიანი პროფესიული ეთიკის კოდექსი და პირველად იქნა არჩეული მედიატორთა ეთიკის კომისია, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორგანიზაციის განვითარების გზაზე.
2021 წლის მანძილზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და წლის ბოლოს საერთო კრებაზე მიღებულ იქნა მედიატორთა სავალდებულო პროფესიული განვითარების პროგრამა, რაც 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება და შეიქმნა მდგრადი ბაზისი პროფესიის წარმომადგენელთა განგრძობადი პროფესიული განვითარების, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოების წინაშე, რომ მათ აღნიშნულ პროცესში ხვდებათ კვალიფიციური პროცედურების გავლით შერჩეული კადრი, რომელიც მათ შორის ექვემდებარება მუდმივ რეჟიმში განვითარებას.
2021 წელი უმნიშვნელოვანესი წელი იყო მათ შორის პროფესიისადმი ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით, ამ კუთხით გაფორმდა არაერთი თანამშრომლობის მემორანდუმი სხვადასხვა ინსტიტუციებსა თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბრიდან მედიაციის სწავლება დაინერგა საშუალო სკოლების მეცხრე კლასელთათვის, ხოლო ყველა უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაცია ინერგება მათ შორის სავალდებულო დისციპლინად.
2021 წლის მანძილზე დაფუძნდა მუდმივმოქმედი 4 პლატფორმა, რომელიც წლიდან წლამდე იქნება ერთგვარი მძლავრი მექანიზმი პროფესიისადმი ინტერესის ზრდის, მის მიმართ ცნობადობის ზრდის და შემდგომი განვითარების, კერძოდ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან თანაორგანიზატორობით დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანაორგანიზატორობით დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია იურისტებისთვის“, დაფუძნდა ყოველწლიური ფორუმი „მედიაცია და ადამიანის უფლებები“ და ასევე შეიქმნა ყოველწლიური პლატფორმა ქვეყანაში მოქმედი მედიაციის ყველა მიმართულებისთვის, კერძოდ, ინტერდისციპლინარული ფორუმი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის ფონზე გამოწვევები ბევრია და ორგანიზაციას იდენტიფიცირებული აქვს ის კონკრეტული საკითხები, რაზეც ვიმუშავებთ და გვაქვს იმედი, რომ 2022 წელი იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მედიაციის უალტერნატივოდ დამკვიდრებისთვის საქართველოში.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და განგრძობადი მხარდაჭერისთვის ყველა მედიატორის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ზემოაღნიშნული აქტიური და პროდუქტიული წელი ვერ შედგებოდა, შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ ის აქტიური თანამშრომლობა რაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციას აქვს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დავის რეგულირების ძალიან ეფექტური მექანიზმის დანერგვას, რაც თავის მხრივ ითამაშებს მძლავრ როლს ქვეყანაში დიალოგის კულტურის დამკვიდრების და მშვიდობიანი სოციალური პოლიტიკის გატარებაში, რაც იქნება წინაპირობა საქართველოს შემდგომი წინსვლის“, - ნათქვამია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებაში.