იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანის თაობაზე ადვოკატების ინფორმირება არ მომხდარა, რადგან ეს გაწერილი პროცედურა არ არის. მან დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მიმართა, ისე ნუ წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ამით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია.
„რაც შეეხება ადვოკატების ინფორმირებას, როდესაც პატიმრის გადაყვანა ხდება, ამის ადვოკატებთან შეთანხმება არ ხდება. ეს არ არის გაწერილი პროცედურა, ადვოკატს შეუძლია მოინახულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამუშაო დღეების განმავლობაში და იქ საათებიც არის განსაზღვრული. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ეს საჭირო იყო და პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია. ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, გააცნეს მას ძალიან მშვიდად, მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება, ის არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ ძალადობრივად გადაჰყავდათ ან ა.შ. ეს არ ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იყოს ის. როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში, როდესაც მას გადაწყვეტილება გააცნეს, წნევის ცვალებადობა აღენიშნებოდა, ამიტომ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.