თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას კვლავ არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
დღევანდელ პროცესზე ჩვენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უნდა მიეცა, თუმცა ჩუბინიძემ უწყების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს შეატყობინა, რომ სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში არ იქნებოდა. შესაბამისად, დღეს ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში არ დაიკითხება.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.