გია ხუხაშვილი - “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში”
რას შეცვლის საყოველთაო შერიგებაში ეკლესიის ჩართვა - საპატრიარქო მზადაა პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს
ირაკლი კაკაბაძე - “ერთი სიტყვაც თუ აღმოჩნდა ტყუილი, მზად ვარ, ციხეში წავიდე და პასუხი ვაგო”
ბუსტერის ვადები ოფიციალურად შეიცვალა - “ომიკრონის” გამო ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ კუჭავას გადადგომა ანაკლიის პროექტს უკავშირდება, შეიძლება ამაში ლოგიკა დავინახოთ”
* * *
გია ხუხაშვილი - “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში”
“ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები იყო, იმიტომ, რომ მისი მნიშვნელობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა. ეს იყო ერთგვარი შანსი საქართველოსთვის, რათა ძალაუფლების უზურპაციის მუდმივი ციკლი გაგვერღვია და მულტიპარტიული ევროპული დემოკრატია დაფუძნებულიყო, მაგრამ ეს შანსი ამ წელს ხელიდან გავუშვით. ეს უდავოდ იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ყოველივე დანარჩენი, რაც ხდებოდა ამ წლის განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება არჩევნებსა და მის ლეგიტიმურობას, თუ რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში” / “სალომე ზურაბიშვილი ახლა რასაც აკეთებს, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს, ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი ექნება”.
“რომ მოგვეხერხებინა ხალხის რეალური ნების არჩევნების გზით აღსრულება, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიქნებოდით. გაჩნდებოდა ხელისუფლების დაბალანსების პრეცედენტი, პოლიტიკური ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რაც უდავო წინსვლა იქნებოდა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევნებზე იგივე მამაძაღლობები ჩაატარა, ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსი, იძალადა თავისუფალ ნებაზე და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. რა თქმა უნდა, ამით ახალი არაფერი მომხდარა, რადგან ეს ბევრჯერ ვნახეთ, უბრალოდ, რეალობა იყო ისეთი და იმდენად დიდი იყო ჩვენი დასავლელი მეგობრების წვლილი ამაში, რომ შეგვექმნა ილუზია, ამჯერად მაინც შესაძლებელი იქნებოდა რაღაცის მიღწევა. ამის ნაცვლად კი ისევ გადავინაცვლეთ დაპირისპირების მორევში და შეიძლება ითქვას, დღეს ვითარება უფრო უარესია, ვიდრე არჩევნებამდე იყო - ერთი მხრივ, უფსკრული პოლიტიკურ ძალებს შორის და მეორე მხრივ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას შორის უფრო გაიზარდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ამას ემატება “კოვიდთან” დაკავშირებული პრობლემები, უმუშევრობის ზრდა, კატასტროფული ინფლაცია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა, მაინცდამაინც კუპონს თუ არ გავიხსენებთ. ამას ემატება ისიც, რომ მართლმსაჯულება ისევ პოლიტიზებულია, ვნახეთ ტოტალური მოსმენების სკანდალი... ასე რომ, 2021 წელს ქვეყანას, ფაქტობრივად, პოზიტიური ნიუსი არ ჰქონია. დღეს ჩვენ კიდევ უფრო უკან ვართ, ვიდრე ამ წლის დამდეგს ვიყავით. სახელმწიფოებრივი დეგრადაციის პროცესი, სამწუხაროდ, გრძელდება”, - თვლის რესპონდენტი.
“მიშელის შეთანხმება საარჩევნოდ სამართლიან თამაშის წესებსაც გულისხმობდა, რაც არ შესრულდა - ანუ ხელისუფლებამ მხოლოდ დოკუმენტი კი არ დახია და 43%-იან ბარიერზე კი არ თქვა უარი, ტრადიციულად ძალადობრივი არჩევნები ჩაატარა, რომელიც არ გულისხმობდა პოლიტიკურ კონკურენციას. არჩევნები ჩაატარა აღვირახსნილი პროპაგანდის შტურმით, როდესაც თავს მართლმადიდებლობის დამცველად აცხადებდა და ყველა სხვას, ასე ვთქვათ, ეშმაკთან გარიგებაში ადანაშაულებდა. არჩევნები ძალიან არაჯანსაღ გარემოში ჩატარდა და მიშელის შეთანხმება ამასაც ეხებოდა, მართლმსაჯულებასაც და მხოლოდ 43%-იანი ბარიერი არ ყოფილა. ხელისუფლების განცხადებებიც იქით იყო მიმართული, რომ საზოგადოებაში სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი დაენერგა და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. სააკაშვილმა კი თავისი ექსტრავაგანტური ქმედებით ხელისუფლებას სამაშველო რგოლი გადაუგდო”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი იყო, რამაც 43%-იან ბარიერს აქტუალურობა დააკარგვინა. ყველამ ხელი ჩაიქნია, ხალხმა იფიქრა, რომ არც არაფერი შეიცვლებოდა და შესაბამისად, აქტიურობაც არ იყო მაღალი. საზოგადოდ, ოპოზიცია საქართველოში არჩევნებს დაახლოებით 60%-იანი აქტიურობით იგებს და როდესაც ის 50%-მდე და უფრო დაბლა ჩამოდის, ხელისუფლების შანსი მით უფრო იზრდება, რადგან მას ყოველთვის აქვს უპირატესობა, მინიმუმ, ადმინისტრაციული რესურსის გამო. ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოსვლით არათუ არაფერი დაუკარგავს, არამედ შესაძლოა მოემატა კიდეც ხმები და ჯამურად ოპოზიციამ იზარალა. ამომრჩეველს ისევ გაუჩნდა განცდა ცუდსა და უარესს შორის არჩევნის პირისპირ ყოფნისა და შესაბამისად, ოპოზიციამ ხმების დაახლოებით 5-7% დაკარგა. ეს იყო ზუსტად ის კრიტიკული მასა, რასაც შეეძლო “ოცნება” 43%-იანი ბარიერის ქვემოთ ჩამოეყვანა და შესაძლოა დღეს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში ვყოფილიყავით. ასე რომ, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” სიმბიოზმა კიდევ ითამაშა ანტისახელმწიფოებრივი თამაში. ისევ ჩაკეტეს პოლიტიკური სივრცე და ორივე მხარის ამოცანა შესრულდა - ერთმა ძალაუფლება შეინარჩუნა, ხოლო მეორემ - მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. პოლიტიკური მოთამაშეები, რომელთა პრეცედენტიც თითქოს ჩანდა, თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და რესურსები გადაინაწილეს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.
“მოგეხსენებათ, ამ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის არის გადანაწილებული მთელი რესურსი და მათ შორის, მედიარესურსიც. ამ ყველაფერმა საზოგადოებას მომავლის არჩევანი არ დაუტოვა. ისევ ჩაგვითრია არჩევანში წარსულსა და აწმყოს შორის. ბუნებაშიც არსებობს ბუნებრივად ანტაგონისტი სიმბიოზები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ერთმანეთი აწყობთ და ამის გამო მშვენივრად თანაცხოვრობენ - ასეთ ანტაგონისტ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება”. მიშა ამას იმიტომ კი არ აკეთებდა, რომ მისი ჩამოსვლით “ოცნებას” ესარგებლა. არა, იმისთვის გააკეთა, რომ თავისი პარტიისთვის მოეტანა შედეგი და ეს ხელს აძლევდა მმართველ პარტიასაც, საბოლოოდ კი სახელმწიფო დააზარალეს. ეს არის ორ ხელში ერთგვარი შულერული თამაში, როდესაც ორი კაცი იყოფს ყველაფერს და სხვას არ აკარებენ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“წლის ბოლოს, მაშინ, როცა სააკაშვილის შიმშილობიდან კარგა ხანი გავიდა, მისი პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. გასაგებია, რომ შიმშილობა პროტესტის რადიკალური ფორმაა და პოლიტიკაში მიღებულია. სხვა საკითხია, რა მოთხოვნა აქვთ. ამ შიმშილობის მოთხოვნა რომ იყოს სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება, ამას გავიგებდი. პოლიტიკური პარტია თუ პერსონალურ დონეზეა დასული, რომ მისთვის მთავარი საკითხი ერთი კაცის გათავისუფლებაა, კი ბატონო. მაგრამ, ჩემი აზრით, მოთხოვნაა არასწორი. სააკაშვილს უპირობო გათავისუფლება კი არა, სამართლიანი სასამართლო უნდა სურდეს. თუ ამბობს, რომ უდანაშაულოა, მაშინ ეს ლაქა ხომ უნდა ჩამოირეცხოს და უპირობო გათავისუფლებით როგორ ჩამოირეცხავს? ადამიანები შიმშილობენ და მათზე გულიც შემტკივა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური აქცია”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“ეროვნული შერიგების ის პროცესი, რაც პრეზიდენტმა წამოიწყო, შესაძლოა პირადად მისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად ეს არ არის შერიგების პროცესი. შერიგება ორკომპონენტიანია და მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ წარსული გადავხაზოთ. ეს თავისთავად რთულია, მაგრამ შესაძლებელი, თუმცა არასაკმარისი. უფრო მნიშვნელოვანია, ხვალიდან როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას. თუ ის პრობლემები, რაც გვაქვს, თუნდაც სამართლიანობის განცდა თუ არ გაჩნდა საზოგადოებაში, თუ სასამართლოში ისევ მურუსიძე იქნება, თუ ხალხს ექნება განცდა, რომ პოლიცია პოლიტიკურ დავალებას ასრულებს, თუ ტოტალური მოსმენები გაგრძელდება და ა.შ., შერიგებას რა აზრი აქვს? სალომე ზურაბიშვილი ახლა რასაც აკეთებს, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს, ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი ექნება. ამ ყველაფერს ისეთი სისტემური მკურნალობა სჭირდება, რათა ხვალისთვის პრობლემები არ დაგვიტოვოს. თუ პრეზიდენტს მართლაც უნდა საზოგადოების გამთლიანება, მან უნდა დადოს საკანონმდებლო პაკეტი იმ ყველაფერზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ”, - დასძენს ხუხაშვილი.
“რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ გვჭირდება რეალური ინვესტირება ეკონომიკის რეალურ სექტორში, საამისოდ კი აბსოლუტურად არაფერი კეთდება. ინფლაციას ის ეკონომიკური ზრდა, რაც გვქონდა, უკვე “შეჭმული” აქვს. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ფასები იზრდება, არამედ ის, რომ მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი. ნებისმიერ ადამიანს ის კი არ ურჩევნია, რომ ვიღაც მათხოვრულად ეხმარებოდეს, არამედ თვითონ გამოიმუშაოს და თუნდაც გაძვირებული ტარიფის გადახდა შეეძლოს. დღეს ჩვენ მხოლოდ სოციალურად დაუცველი უმუშევრები კი არა, სოციალურად დაუცველი დასაქმებული მოსახლეობა გვყავს. ხელისუფლებას კი ამის გამოსწორების გეგმა და ხედვა არა აქვს. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ 2022 წელი უკეთესი იქნება”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.
რას შეცვლის საყოველთაო შერიგებაში ეკლესიის ჩართვა - საპატრიარქო მზადაა პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ საყოველთაო შერიგების პროცესში შესაძლოა საქართველოს საპატრიარქო ჩაერთოს. მეტიც, საპატრიარქო მზადაა, რომ ეს პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს. პრეზიდენტი კი უკვე ერთი კვირაა ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და მათთან ერთად შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესის ფარგლებში მის რეზიდენციას ორშაბათს ენმ-ს თავნჯდომარე ნიკა მელია ეწვევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას შეცვლის საყოველთაო შერიგებაში ეკლესიის ჩართვა - საპატრიარქო მზადაა პროცესი ეკლესიის წიაღში წარიმართოს.
“ვინ ვისთან და რაზე უნდა შეთანხმდეს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუმცა მმართველ გუნდში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პროცესი მთავარ ოპოზიციურ ძალასთან წარმოუდგენლად მიაჩნიათ და არგუმენტად ოპონენტების პოლიტიკურ დღის წესრიგს ასახელებენ. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ დიალოგის შესაძლებლობას “ქართული ოცნება” უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს. მმართველი პარტიისთვის შეთანხმების მთავარი საგანი პირველ რიგში პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზის დადგენა უნდა იყოს. მათი შეფასებით, თუკი პრეზიდენტის ეგიდით დაწყებული მოლაპარაკებები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემას არ გასცდება, მას პერსპექტივა არ ექნება. ამის პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ამ პროცესში შესაძლოა საპატრიარქო ჩაერთოს. ამის შესახებ გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მე და თქვენ რომ წავიჩხუბოთ, რა წინაპირობა უნდა იყოს ჩვენი შერიგების? - უპირველეს ყოვლის, უნდა იყოს ორივე მხრიდან სურვილი და თანმხლები ნაბიჯები. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ძალზედ გააზრებული არა ჩემი პიროვნული სურვილით და ეგოიზმიდან გამომდინარე, არამედ, საერთო სიკეთეზე დამყარებული. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის. ეკლესიამ განაცხადა და ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების მთავარი თემა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლება არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთ თემად მაინც უნდა განიხილებოდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩიტაძის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. ის მიიჩნევს, რომ ასევე ეკლესიის ჩართულობა და აქტიურობა ნაკლებად გამოიღებს შედეგს, რადგანაც, მისი თქმით, საპატრიარქო “ქართულ ოცნების” მიმართ უფრო სიმპატიითაა განწყობილი, ვიდრე ოპოზიციის მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკურად ის დამოუკიდებელი და ნეიტრალური მხარე ვერ იქნება. რაც შეეხება იმ ვარაუდს, რომ შესაძლოა პრეზიდენტი ზურაბიშვილი დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოქმედებდეს, ჩიტაძე ამ ვერსიასაც არ გამორიცხავს და ფიქრობს, რომ ახლა დასავლელი პარტნიორებისთვის სწორედ პრეზიდენტია ის ფიგურა და ინსტიტუტი, რომელიც მეტ-ნალებად დამოუკიდებელია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთიც დაიღალა და ჩვენი პრობლემების მოგვარება ჩვენვე მოგვანდეს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათთვის ზურაბიშვილი იყოს ერთადერთი დასაყრდენი, რომელიც ჰგონიათ, რომ რაღაცას მოაგვარებს. ანალიტიკოსი ვახტნგ ძაბირაძე პრეზიდენტის ინიციატივას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა შექმნილიყო ჯგუფი საზოგადოების წარმომადგენელთა ჩარულობით, რომელიც პრეზიდენტს ამ რთული და ხანგრძლივი პროცესიის მართვაში დაეხმარებოდა. რაც შეეხება ეკლესიის ამ პროცესში ჩარტულობას, ამას ძაბირაძეც სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ეკლესია ვერ შეძლებს მხარეების მორიგებას”, - დასძენს გამოცემა.
“მე მაინც მგონია, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება თუ არ იქნება, აზრი ნამდვილად არაფერს აქვს. არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და სხვა ვინ რიგდება, ცოტა გაუგებარია. ქვეყანაში პოლიტიკური ველი ორად არის გაყოფილი. ამ პოლარიზაციას რომ ეშველოს, ორივე მხარემ ნაბიჯი უნდა გადმოდგას. ამ ნაბიჯის გადმოდგმაში კი ყველაზე დიდი როლის შესრულება პრეზიდენტს შეუძლია. ის ამას ვერ ბედავს და რაღაც აზრის გაგებას ცდილობს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი იყოს, ძალიან რთული სათქმელია. რაც შეეხება ეკლესიის როლს ამ მოლაპარაკებაში, მგონია, რომ შედეგი არ ექნება. ეს ინსტიტუტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაშია შემჩნეული. ამიტომაც პრეზიდენტს კი არ დაეხმარებიან, უფრო მგონია ხელს შეუშლიან. ამიტომაც მათ ჩართულობას დადებითად ვერ აღვიქვამ“, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
"მართალია კარგია პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯგუფებს ინდივიდუალურად რომ ხვდება, მაგრამ მანამდე ალბათ კარგი იქნებოდა ნეიტრალური ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი შექმნილიყო, რომლებიც პოლიტიკაში ჩართული არ არიან, მაგრამ პოლიტიკა კარგად ესმით. ეკლესია ამას ვერ შეძლებს და ეს არ იქნება ის ჯგუფი, რომელზეც მე ვსაუბრობ. ეს ჯგუფი მოამზადებდა ორგანიზაციულ საკითხებს, რა თემებზე შეიძლება დაიწყოს საუბარი. ეკლესიამ და საპატრიარქომ რა იცის პოლიტიკური ნიუანსები და ის გარემო, რომლითაც რაღაცა შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ... ან მხარეები მოდიან საერთოდ რამეზე? რაღაცა სასაუბრო წერტილი ხომ უნდა იპოვონ... სწორი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ პროცესი უნდა მომზადდეს საქართველოში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თუ ყველაფერი სწორად წაიმართება, ამაში უცხოელებიც ჩაერთონ. თუმცა მათ ჩვენს მიმართ გული აქვთ გატეხილი და პროცესების მართვას და მოგვარებას ჩვენვე გვირჩევენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ირაკლი კაკაბაძე - “ერთი სიტყვაც თუ აღმოჩნდა ტყუილი, მზად ვარ, ციხეში წავიდე და პასუხი ვაგო”
“ალასანია “ნაცმოძრაობის” არაფორმალური მმართველია. ხედავთ? ჩამოვიდა, დაემუქრა მათ, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა და უცებ დასხა ხალხი საშიმშილოდ. მაშინ უფრო ვიწრო წრეში ჩანდა, ოფიციალურად კაბინეტიც მისცეს კანცელარიაში. არსებობს კიდეც ცნობილი გამოთქმა - “პრეზიდენტის ბიძის” თანამდებობა. თემურ ალასანიამ დაიწყო ყველა საპრივატიზაციო ობიექტის “დაკრიშვა”. ფულს სძალავდა ხალხს. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოსძალა ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს და არამარტო მას, ამ სიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო... მე მაშინ “თბილავიამშენში” ვმუშაობდი და გვქონდა “ბოინგის” პროექტი. პროექტს ბატონი გია მაისაშვილი წერდა, ბატონი პანტიკო თორდია ხელმძღვანელობდა, 2004 წლისთვის მზად იყო ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ “ბოინგის” ვიცე-პრეზიდენტ პიკერინგს” - აცხადებს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ერთი სიტყვაც თუ აღმოჩნდა ტყუილი, მზად ვარ, ციხეში წავიდე და პასუხი ვაგო” / “სააკაშვილი რუსეთის “გრუს” ბრძანებით ჩამოიყვანეს საქართველოში და დავალებული აქვს, არიოს სიტუაცია”.
“ამ დროს მიშა სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. სწორედ მაშინ ჩაერია საქმეში ორი პირი, რომლებმაც მოინდომეს, 31-ე ქარხანაზე დაემყარებინათ კონტროლი. ესენი იყვნენ თემურ ალასანია და ერიკ გუდისი, რომელიც არის თბილისელი ებრაელი და დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს. გუდისის მამა სამხრეთ კავკასიაში იარაღით ვაჭრობდა, ის იყო ამ საქმეში მთავარი. ალასანიამ და ერიკ გუდისმა გადაწყვიტეს, “ბოინგის” პროექტი ჩაშლილიყო და პრაქტიკულად ჩაშალეს კიდეც. დაიწყეს ლაპარაკი, რომ თბილისის საშუალებით უნდა გაყიდულიყო დიდი რაოდენობით რუსული იარაღი: “კალაშნიკოვი”, ტანკები, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები, თვითმფრინავები და ა.შ. ამისთვის ერთ-ერთი შერჩეული ობიექტი გახლდათ "თბილავიამშენი", რომელიც მაშინ პრივატიზებული იყო და ხელში ჩაგდება უნდოდათ. ასევე უნდოდათ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს აეროპორტი, ამისთვის კი საჭირო იყო მთავრობის თანხმობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზურაბ ჟვანია. ალასანიამ და გუდისმა ამერიკიდან ჩამოიყვანეს ფიქციური ჯგუფი და ითხოვდნენ აეროპორტის ხელში ჩაგდებას. იმ დროს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა კახა ბენდუქიძე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძე.
“2004 წლის 11 დეკემბერს ჩამოვედი ამერიკიდან. ჩემი რეისით მოდიოდა ნიუ-იორკიდან ზურაბ ჟვანია, რომელმაც მადლენ ოლბრაიტის პრიზი მიიღო. ზურა ჩემი ძველი მეგობარი იყო და მასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. ზურას ახლდა ვანო მაჭავარიანი, თუმცა მას ჩვენი საუბარი არ მოუსმენია. ზურას გუდისზე ვესაუბრე. ეს თემა პირველად მე წამოვწიე, რადგან ამ ადამიანის გამოჩენა უცნაური იყო. გუდისი და ალასანია სექტემბერშივე ამბობდნენ, რომ ჰქონდათ დიდი სამხედრო შეკვეთები. ალასანია სულ იმეორებდა, მე ვარ გაეროს ბიუროკრატი, მე ამ შემთხვევაში შუამავალი ვარ, რეალურად ბიზნესს ჩემი ძმაკაცი ხელმძღვანელობსო, მაგრამ ისინი ერთად არიან. გუდისი ძალიან კარგად ლაპარაკობს ქართულად. ცხოვრობდა 86-ე ქუჩაზე ნიუ-იორკში და მის სახლშიც ვარ ნამყოფი. მაშინ გუდისის მამაც ცოცხალი იყო. გუდისს დიდი ქონება აქვს, მულტიმილიარდერია, სახლები აქვს ფლორიდასა და სხვადასხვა ქალაქში. არ მალავდა, რომ სახლში საუკეთესო კონიაკი ჰქონდა შენახული თემურ ალასანიასთვის. მისი საქმეები სწორედ თემურის საშუალებით კეთდებოდა”, - თვლის რესპონდენტი.
“ამერიკაში მე და პანტიკო თორდია წაგვიყვანეს და გვაჩვენეს სხვა პარტნიორები. აბელ ლასკასი, რომელიც იყო ლიტველი, ამერიკაში ცხოვრობდა, მაგრამ მერე ამ ბიზნესს გამოეთიშა. სადღაც ტყეში რესტორნებში დავყავდით, ნიუ-ჯერსის შტატში. იქიდან თემურ ალასანია გამუდმებით რეკავდა მიშა სააკაშვილთან, რომელსაც როგორც თავის ქვეშევრდომს, ისე ელაპარაკებოდა და აძლევდა დავალებებს, რომელ ქარხანას ვინ მიხედავდა, ვინ ვის დააფარებდა ხელს და ა.შ. მე ამერიკაში სამი თვით პანტიკოს თხოვნით დავრჩი - პანტიკოს არ უნდოდა ამათ კონტრაქტზე ხელის მოწერა, რადგან ეს “ბოინგთან” მოლაპარაკების ჩაშლას ნიშნავდა, ეს მოლაპარაკება კი უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სამოქალაქო ავიაციის პროექტების განხორციელებას ნიშნავდა. მე ამერიკაში დავრჩი იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. მე იქ ჩემი კონტაქტები მაქვს. დავიწყე მოკვლევა, ვინ იყო გუდისი. შევხვდი ამერიკაში ყოფილ ელჩს, ბატონ ლევან მიქელაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მან ტელეფონი თავის კაბინეტში დატოვა, ქუჩაში გავედით და იქ მითხრა, ესენი არიან “გრუს” ჯგუფი, ყიდიან “გრუს” იარაღს და ფრთხილად იყავიო”, - იხსენებს პუბლიცისტი.
“იგივე მითხრა მამუკა წერეთელმაც, რომელიც ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე იყო და მანაც იცოდა გუდისისა და ალასანიას დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ. ბატონი ლევანი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა... გუდისმა და თემურ ალასანიამ გადაწყვიტეს, სამხედრო გაყიდვები გაეზარდათ. გუდისმა თქვა, რომ მილიარდ 200 მილიონის შეკვეთა ჰქონდა ინდოეთიდან - ეს არალეგალური შეკვეთები იყო. შემდგომაც სერიოზული ვაჭრობა ჰქონდა ბევრ ქვეყანაში: პერუში, კოლუმბიაში, სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში, აფრიკაში... იგულისხმებოდა საბჭოთა ტიპის სუ-25-ები, ტანკები, სასროლი საშუალებები... იარაღის ნაწილები ჩამოდიოდა რუსეთიდან, იწყობოდა საქართველოში, გადიოდა და იყიდებოდა. იყო ლეგალური გაყიდვაც და არალეგალურიც. ამისთვის მათ სჭირდებოდათ თბილისის აეროპორტი, მაგრამ ამაზე საჭირო იყო შეთანხმება ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან”, - განმარტავს ირაკლი კაკაბაძე.
“ჟვანიამ ყველაფერი იცოდა. საუბრისას ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეს ჯგუფი და მითხრა, მოსკოვიდან იმართებაო... მე ზურას 11 დეკემბერს ვესაუბრე და 14-15 დეკემბერს კი ისინიც ჩამოვიდნენ საქართველოში. თემურ ალასანიამ ეს ჯგუფი “ვი-აი-პი” გასასვლელიდან გამოიყვანა... ამის შემდეგ ის უკვე იწყებს მთელი ქართული ეკონომიკის გაკონტროლებას. სამხედრო გადაზიდვებში ძალიან დიდი ფული კეთდება. “ნაცმოძრაობა” დღესაც ამ ფულზე “ზის”, უდესიანისა და კეზერაშვილის მეშვეობით უნაწილებენ ამ ფულს პარტიას და თავიანთ ტელევიზიებს... დიალოგი ჟვანიასა და გუდისი-ალასანიას შეხვედრიდან, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმართა 17-18 დეკემბერს მამრაძემ გაიხსენა. ისინი ითხოვდნენ, მათთვის ტენდერის გარეშე მიეცათ თბილისის აეროპორტი. ამის სანაცვლოდ ზურაბ ჟვანიას შესთავაზეს წილი მილიარდ 200 მილიონის ღირებულების ინდური საქმიდან - წლიური 300 მილიონი, მაგრამ ზურასგან უარი მიიღეს. ამის მერე იყო ის სპექტაკლი, რაც მიშამ მოაწყო: მათი წასვლის შემდეგ ზურა ავიდა სააკაშვილის კაბინეტში და ამ ამბავს მოუყვა. მიშამ გაითამაშა, ზურას თვალწინ “აღშფოთებულმა” დაურეკა ბიძამისს და უთხრა, სასწრაფოდ წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან. გაყარე ახლავე ეგენი, ეს როგორ გაბედესო... რასაც პეტრე მამრაძე ამბობს, ზურა ჟვანიას მონაყოლია... გუდისი ვერ შეუთანხმდა ვერც ბენდუქიძეს”- ამბობს რესპონდენტი.
“მეორე დღეს, 19 დეკემბერს, დანიშნული იყო შეხვედრა “მერიოტში” - კონტრაქტზე უნდა მოეწერათ ხელი. მხოლოდ “თბილავიამშენთან” ტექნიკური ხელმოწერა იყო დარჩენილი. პანტიკო ეწინააღმდეგებოდა... თემურ ალასანიამ მთელი ჯგუფი მოიყვანა “მერიოტში”, მაგრამ გუდისი არ იყო, არადა ხელი მას უნდა მოეწერა: თქვეს, პუტინმა დაურეკა და მოსკოვში გაფრინდაო. რატომ წავიდა გუდისი პუტინთან, არავინ იცოდა და ხელმოწერა გადაიდო. თქვეს, თებერვალში მოვაწერთო და კრება დაიშალა... ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ერთმანეთს ხვდებიან თემურ ალასანია და ტარიელ ონიანი და მსჯელობენ, როგორ მოაშორონ ჟვანია. ბენდუქიძეზეც იყო ლაპარაკი. თუმცა ბენდუქიძის მოშორება რთული არ იყო, რადგან იმ პერიოდში მას გუნდი არ ჰყავდა, ერთი ახირებული კაცი იყო და იოლად შეიძლებოდა ეკონომიკის მინისტრობიდან მისი მოხსნა. ასეც მოხდა, დარჩენილი იყო ერთი კაცი - ზურაბ ჟვანია... იმ დღეებში ზურა მიწვეული გვყავდა ავსტრალიელი მხატვრის ნახატის გადასაცემად, რომელიც “ვარდების რევოლუციას” ეძღვნებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, ამ ცერემონიალზე ვერ მოვალო. რატომ-მეთქი. არ შემიძლია, ეს “ვარდების რევოლუცია” არ მიხსენო, არ მაინტერესებს არაფერი, რაც მაგათთან არის დაკავშირებული, გადადგომას და ამერიკაში ოჯახთან ერთად წასვლას ვაპირებო, იქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიწვიეს, წავალ, ოღონდ ჯერ ოჯახი უნდა მოვამზადო, მერე კი ვიტყვი, რომ გადავდექი და წავალ, რამდენიმე წელი პოლიტიკისგან მინდა დავისვენოო”, - განაგრძობს პუბლიცისტი.
“ვკითხე, რატომ-მეთქი და მიპასუხა, საქართველოს მთავრობა იქცა იარაღის გადამყიდველების მთავრობად, ღამ-ღამობით იკრიბებიან ცალკე, ყველაფერს თემურ ალასანია ხელმძღვანელობს და იგეგმება, როგორ გააკეთონ შავი ფული მილიონობით და მილიარდობით რუსული იარაღის გაყიდვითო; ვიცი, რომ მაინც თავისას გააკეთებენ და მინდა, წავიდე ამ ქვეყნიდანო. ეს საუბარი ზურას გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე იყო. ის მართლა აპირებდა ამერიკაში წასვლას, აღარ უნდოდა, მიშასთან ყოფილიყო ასოცირებული, რადგან ის “გრუს” იარაღის გადამყიდველების ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელიც საქართველოში შავ ეკონომიკას ქმნიდა და მდიდრდებოდა. მის მთავრობას ფული ამ გზით შემოდიოდა. იარაღი პერუში, კოლუმბიაში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში იყიდებოდა. ზურაბ ჟვანია ამერიკელებისთვის საქართველოში პირველი კაცი იყო, ამიტომ უნდოდა ამერიკაში თავის მეგობართან წასულიყო, წლების მერე კი უკან ჩამოვიდოდა, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი - მას იმედი ჰქონდა, რომ თავისი გუნდი გვერდით დაუდგებოდა. ეს რომ გავიგე, მივხვდი, საქმე ცუდისკენ მიდიოდა”, - ამტკიცებს კაკაბაძე.
“ამის შემდეგ ჩემთან დამირეკა გუდისმა ამერიკიდან. მის სიტყვებში პირდაპირ გაისმა მუქარა - მითხრა, მათ მოაშორებენ, ის ორ - "სქელი" და "მთავარი" - მითხრა რუსულად, ბენდუქიძე და ჟვანია იგულისხმა, 15 რიცხვიდან მთავრობაში აღარ იქნებიან; კიდევ ერთხელ ჩამოვა ჩვენი ჯგუფი, თურქი პარტნიორები მოვნახეთ, გავაფორმებთ ხელშეკრულებას და აეროპორტი ჩვენი იქნება, შემოვიტანთ რუსულ იარაღს, ავაწყობთ და ვერავინ ვერაფერს გააკონტროლებსო... ვუთხარი, ძალიან ცუდ რაღაცას მეუბნებით, მოაშორებენ რას ნიშნავს, ზურა ჩემი მეგობარია და ბენდუქიძესაც ვიცნობ-მეთქი. თანამდებობიდან მოხსნიანო. მე რატომ მირეკავთ-მეთქი, ვკითხე. ყველას ვახარე, ვინც ჩვენი მეგობარია - ამხელა კონტრაქტს ვაწერთ ხელს, მილიარდობით დოლარი იქნებაო. ფულზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ურთიერთობებია, არც ერთის თუნდაც თანამდებობიდან მოშორება არ გამიხარდება-მეთქი... ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში კახა ბენდუქიძე მართლაც მოხსნეს ეკონომიკის მინისტრობიდან და მრჩევლის თანამდებობაზე გადაიყვანეს. უცებ რომ ასრულდა მისი სიტყვები, გამიკვირდა. იმ საუბრისას ვკითხე კიდეც, ეს მიშასთან შეთანხმებულია-მეთქი? მიშას ვინ ჰკითხავს, ვირს მოვატ...ებთ, ჩვენ ყველაფერში გვემორჩილება, რასაც ვუბრძანებთ, ყველაფერს აკეთებსო”, - ამბობს რესპონდენტი.
“ეს საუბარი იყო იანვარში, თებერვალში კი ზურაბ ჟვანია მოკლეს... თებერვლის ბოლოს ძალიან ფრთხილი წერილი დავწერე პრესაში და მიშას მივმართე, გამოძიება სჭირდება ამ საქმეს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია-მეთქი... შოკში ვიყავით. ზურას ბიძაშვილები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და პირველ დღეს მის სახლში რომ მივედით, მოვიდა ალასანიაც. რატომ უნდა მოსულიყო? მან ოჯახის შანტაჟში მიიღო მონაწილეობა, ოჯახის წევრებიც მისკენ იშვერენ ხელს... ვფიქრობ, ამ საქმეში მიშა, როგორც ჩამფარცხავი, ისე იყო. შეიძლება მკვლელობის შესახებ არც იცოდა და მერე გაიგო... იარაღის ამბავს უკავშირდება ეს მკვლელობა. იმ საქმეში დიდი ფული იყო, რითაც საზრდოობს ალასანია და ასაზრდოებს “ნაცმოძრაობა” და მათ ტელევიზიებს”, მიიჩნევს კაკაბაძე და შეკითხვაზე - “სააკაშვილს ეცოდინებოდა, ზურაბ ჟვანია ქვეყნიდან წასვლას რომ აპირებდა?” - პასუხობს:
“საქმეც ეგ არის! სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოკვლა! ჟვანიას ამერიკაში კარგი ურთიერთობები ჰქონდა. საფრთხე იგრძნეს და მიხვდნენ, რომ წასულიყო, მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა. ხომ ამბობდა, იარაღის “ბარიგებთან” არ ვაპირებ ურთიერთობასო; თემურ ალასანია რუსეთის უშიშროების გენერალია და ეს კაცია დღეს საქართველოს მმართველიო... ორი-სამი წელია, თემურ ალასანიას მიერ დიდი ფული იხარჯება ამ მთავრობის გადასაგდებად. მე არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდა მას ივანიშვილთან, მაგრამ ახლა კავკასიაში იწყება სამხედრო სიტუაციის გადალაგება. ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აზერბაიჯანში პოზიციები ძალიან გაიმყარა. სომხეთი, ფაქტობრივად, შუაზეა გაჭრილი და იქ ძალიან ცუდი ვითარებაა. ახლა საქართველოს სრული ოკუპაციისთვის ემზადებიან და ამისთვის საჭიროა სააკაშვილისნაირი ფიგურა, რომელიც ამ ომს გამოიწვევს. ერთხელ უკვე ვნახეთ, როგორ აჰყვა პროვოკაციას და გადასცა ტერიტორიები რუსეთს და ამასაც თემურ ალასანია ხელმძღვანელობდა. მაშინ მან და გუდისმა დიდი ფული გააკეთეს - რამდენიმე მილიარდი დოლარი და ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს”.
“მიშას ფუნქციაა, რუსები რაც შეიძლება მეტად აგინოს. ხომ გაგიგონიათ, რომ ყველაზე დიდი აგენტი და პროვოკატორი ის არის, ვინც მეტს აგინებს უფროსს? აქაც ასეა. მას აქვს დავალება, რომ ეს გააკეთოს. მიშაც და თემურ ალასანიაც კა-გე-ბეს სკოლის გაზრდილები არიან. თემურ ალასანია 1987 წლიდან 2011 წლამდე გაეროში რუსული კვოტით იყო. მაღალი თანამდებობა ეჭირა განიარაღების კომიტეტში, სადაც სულ ხუთი წარმომადგენელია. საბჭოთა კავშირს და მერე რუსეთს თემურ ალასანია წარმოადგენდა. ამ კომიტეტში იყვნენ ასევე ამერიკის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები. თემურ ალასანიას კაბინეტში ქვეყნების პრეზიდენტები ფეხის ცერებზე შედიოდნენ... ზურას გარდაცვალების შემდეგ სტატიები მინიშნებებით პრესაში რომ გამოვაქვეყნე, თემურ ალასანია სახლთან დამხვდა, ჩემი მეზობელია და მითხრა, მე და ქეთინოს გვინდა შენი დაპატიჟება, ავიდეთ ჩემთან და ყავა დავლიოთო. მე-12 სართულზე ცხოვრობს და ავედით. მითხრა, მე და ერიკ გუდისს გვინდა შენი დაპატიჟება კანარის კუნძულებზე, უნდა წაგიყვანოთ და მაგარ საქმეში ჩაგაბათო. იმერულად მოვუბოდიშე და უარი ვუთხარი. ვიცი, რაც ხდება კუნძულებზე - ალბათ, გადაწყვეტილი იყო ჩემი წყალში გადაგდება, მერე კი იტყოდნენ, რაღაც მოუვიდა და წყალში გადახტა, გიჟიაო”, - განმარტავს რესპონდენტი.
“მეორე დღესვე დავწერე ახალი სტატია და ისიც გამოქვეყნდა. ამის მერე ატყდა პანიკა... პროკურატურაში დამკითხეს, პირველად ზესაშვილი მესაუბრა, მაგრამ დაკითხვა არ ჩაატარებინეს და ამან ჩემი ეჭვი გამოიწვია. გამოიკვეთა, რომ მაინცდამაინც არ იყო გამოძიების ნება. მერე გაგვიყვანა გვერდზე ერთმა ხანდაზმულმა თანამშრომელმა და ორი ტომი გვაჩვენა, გვითხრა, რასაც თქვენ ამბობთ, ამას ეს ორი ტომი ასაბუთებსო; მთელი ეს მასალები თაროზეა შემოდებული და ჩამოღების ბრძანება არ გვაქვსო... ამის შემდეგ ახალგაზრდა პროკურორი დამიკავშირდა. ძალიან კარგი გოგო იყო. მან დამკითხა და ვუთხარი, შეემოწმებინა ჩემი ძველი ნომერი, სადაც ნახავდა, იმ პერიოდში როგორ ისტერიკულად მირეკავდა თემურ ალასანია. ერთ კვირაში დამირეკა ამ გოგომ და დამიბარა. რომ მივედი, მითხრა, ეს ყველაფერი ჩანაწერებით დადასტურდაო. ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა, თვალები დაუბრიალა, რაღაც ანიშნა. მერე გავიდა ის კაცი. ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ ამის მერე იმ გოგოს აღარ დაურეკავს. წესით, ჩემი ჩვენება უნდა იყოს საქმეში”, - თვლის პუბლიცისტი.
“იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას. მოვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დაიწყოს ღია მოსმენა. დაიკითხონ მოწმეები, ყველა, ვისაც გვქონდა ურთიერთობა გუდისთან და ალასანიასთან. ჩვენ ვერ ვენდობით მხოლოდ პროკურატურას და სასამართლოს, ამიტომ ვითხოვთ, ეს პარლამენტში მოხდეს. მტკიცებულებები, ალბათ, განადგურებულია, მაგრამ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ამ საქმის ბოლომდე ჩაფარცხვა. ორივეს ორგანიზმში CO შპრიცით იყო შეყვანილი, მათ ორგანიზმში 70% CO აღმოჩნდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს შეეყვანათ ინტრავენური გზით, სხვანაირად ასეთი რაოდენობა ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა. ლევან სამხარაულიც ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა... ბენდუქიძის გარდაცვალებაც კარგად არის გამოსაძიებელი... სააკაშვილი ბიძამისის და გუდისის მძევალია და დღემდე მათ დავალებებს ასრულებს. ის რუსეთის “გრუს” ბრძანებით ჩამოიყვანეს საქართველოში და დავალებული აქვს, არიოს სიტუაცია... ამერიკელებს სერიოზულად ეშინიათ, შარლ მიშელიც ამიტომ იყო ჩამოსული - ინტერესი განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებით, რომელიც რუსეთმა და თურქეთმა ერთად განახორციელეს. ახლა დასავლეთს უნდა, თვითონაც შემოვიდეს კავკასიაში, რადგან ეს 3+3 მთლიანად დევნის რეგიონიდან. სწორედ ამ ფორმულის განსახორციელებლად არის ჩამოსული სააკაშვილი საქართველოში. მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ერთი სიტყვაც თუ აღმოჩნდა ჩემს ნათქვამში ტყუილი, მზად ვარ, ციხეში წავიდე და პასუხი ვაგო”, - დასძენს ირაკლი კაკაბაძე.
ბუსტერის ვადები ოფიციალურად შეიცვალა - “ომიკრონის” გამო ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს
“კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონი” იმდენად დიდ შეშფოთებას იწვევს, რომ ჯანდაცვის სისტემამ აქამდე არსებული წესების ცვლილებები დაიწყო. ოფიციალურად შემცირდა მესამე, ბუსტერ დოზით ვაქცინაციის ვადა, რასაც სპეციალისტები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უმართავი სიტუაციის თავიდან არიდების შიშით არის გამოწვეული. სპეციალისტები ახალი შტამის “ომიკრონთან” გასამკლავებლად ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებას უწევენ რეკომენდაციას. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებში ცვლილების შეტანა იგეგმებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბუსტერის ვადები ოფიციალურად შეიცვალა - “ომიკრონის” გამო ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს.
“თუ აქამდე “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინების შემთხვევაში ბუსტერ დოზის გაკეთება შესაძლებელი იყო მეორე აცრიდან 5 თვეში, ხოლო “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ვაქცინაციის დროს მეორე დოზიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ დოზის ჩატარება მესამე თვიდან. “ბუსტერ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზების გაკეთების აუცილებლობა”, - განაცხადა გაბუნიამ. კვირას კი მოქმედმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას ბუსტერის ვადის შეცვლის შესახებ და უკვე ორშაბათიდან უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ახალი ვადის შესაბამისად მესამე აცრის გაკეთება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბერს დაიწყო და 26 დეკემბრის მონაცემებით, მესამე აცრა 63 424 ადამიანს აქვს გაკეთებული. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ბუსტერ დოზა ვაქცინაციის პრაქტიკაში ახალი არ არი და მას ყოველთვის იყენებდნენ, როცა ვაქცინა ვერ უზრუნველყოფდა სრული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. “ბუსტერ დოზა “ბე” ჰეპატიტისა და სხვა მრავალი ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებში, რადგან ძალიან ხშირად ორი დოზა ვაქცინა ვერ ახერხებს ვირუსთან გამკლავებას”, - ამბობს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “ბუსტერის შექმნის იდეაც ეს იყო, რომ მიხმარებოდა მანამდე გაკეთებულ ორ დოზას და მაქსიმალურად შეესუსტებინა ვირუსი”, - დასძენს გამოცემა.
“ომიკრონთან” დაკავშირებით ჯერ დანამდვილებით არ ვიცით რამდენი პროცენტით უზრუნველყოფს ბუსტერი ამას, მაგრამ აქამდე, ჩემი დაკვირვებით, იგი სერიოზულად ებრძვის ამ ვარიანტსაც, იცავს ადამიანს გადადებისგან და თუ ინფიცირდება, იოლად გადააქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ 2 შემთვევით დაიწყო ახალი შტამი და უკვე რამდენიმე ათეულია. აქედან გამომდინარე უნდა მივხვდეთ, რამდენად რთულ ვარიანტთან გვაქვს საქმე - სანამ თავზე ხელი დავიდეთ და მოვიფხანეთ, უკვე მასობრივი გახდა. ჩვენმა ჯანდაცვამ სწორედ მაგიტომ მიიღო ასე სწრაფად ბუსტერის ვადების შემცირების გადაწყვეტილება, რადგან ეშინიათ გავრცელების, რომელიც შესაძლოა უმართავი გახდეს მაღალი ინფიცირების მაჩვენებლის გამო”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ კუჭავას გადადგომა ანაკლიის პროექტს უკავშირდება, შეიძლება ამაში ლოგიკა დავინახოთ”
“არ მახსენდება კახა კუჭავას რომელიმე არაორდინარული ნაბიჯი. ვერც იმას ვიტყვი, რომ მმართველ გუნდში პოლიტიკური ტაქტიკის თაობაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყოს. ამიტომ მისი პოსტიდან წასვლას ახსნა არა აქვს. განმარტება, რომ პოლიტიკიდან რაღაც პროექტის გამო მიდის, არადამაჯერებელია. ხოლო თუ სწორია აზრი, თითქოს ის პროექტი, რომელსაც კახა კუჭავამ უნდა უხელმძღვანელოს, ანაკლიას უკავშირდება, შეიძლება მის გადადგომაში ლოგიკა დავინახოთ... არის ისეთი ვერსიებიც, რომლის მიხედვითაც ის ღარიბაშვილის გუნდის გაძლიერებას შეეწირა. პაპუაშვილი ხომ ღარიბაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ კუჭავას გადადგომა ანაკლიის პროექტს უკავშირდება, შეიძლება ამაში ლოგიკა დავინახოთ”.
“ოცნების” პოლიტიკური ქმედებების დიაპაზონს ერთი კაცი განსაზღვრავს - ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები შემსრულებლები არიან. შესაბამისად, არც მმართველი გუნდის პოლიტიკურ სტრატეგიაში და არც ოპოზიციასთან ურთიერთობაში არსებით ცვლილებას არ ველი. რაც შეეხება გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს, რამაც შეიძლება მომავალი წლის პოლიტიკური წესრიგი განსაზღვროს, ეს შეიძლება იყოს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ადგილობრივი არჩევნები. ერთიც და მეორეც აუცილებლად იქონიებს გავლენას მომავალი წლის პოლიტიკურ პროცესებზე. შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებით და ადგილობრივი არჩევნებით უკმაყოფილო ოპოზიცია აუცილებლად გააგრძელებს საუბარს ვადამდელ არჩევნებზე. გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მომავალ წელსაც აქტუალური იქნება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რამაც უფრო გაამწვავა და რადიკალური გახადა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ “ნაციონალებმა” საყოველთაო შიმშილობა დაიწყეს, პროცესების რადიკალიზაციის გაგრძელებაზე მეტყველებს. შესაბამისად, არა მგონია, პროცესი შერიგებით დასრულდეს და მომავალ წელს სტაბილური პოლიტიკური გარემო გვქონდეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეროვნული თანხმობის ინიციატივა ამ ეტაპზე უპერსპექტივოა. ჩემი აზრით, გაზაფხულამდე ამ პროცესს პერსპექტივა არა აქვს. მერე შეიძლება რამე შეიცვალოს. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში და მის გარეთ. ასევე ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს ოპოზიცია საკრებულოებში საკუთარ წარმომადგენლებს და შეძლებს თუ არა სიახლის შეტანას სტრატეგიაში. თუ ისევ მიტინგებსა და პროტესტზე გააკეთებს აქცენტს, არაფერი გამოუვა. სოციალური და ეკონომიკური საკითხები უნდა წამოსწიონ წინ, მაგრამ როგორც მე ვაკვირდები, ამისთვის მზად არ არიან. ძალიან ნიშანდობლივი იყო მგზავრობის გადასახადის გაძვირება, რაზეც თბილისის მერია შავზე გვეუბნება თეთრიაო...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამ საკითხზე ოპოზიციის მსჯელობას რომ ვუსმინე, გავოგნდი. ზოგი იმასაც კი ამბობს თურმე, ავტობუსებზე უარი უნდა ვთქვათ და ყველამ მსუბუქი ავტომობილი ვიყიდოთო. ავტომობილებსა და საცობებზე ილაპარაკეს, ანუ იმ საკითხებზე ლაპარაკში დახარჯეს დრო, რომლებიც საქმესთან არანაირ კავშირში არ იყო. არავინ იკითხა, რატომ არ შეიძლება სააბონენტო სისტემა არსებულ საგადასახადო სისტემას მოვარგოთო... სოციალური ლოზუნგებით ქართველები ქუჩაში მართლაც არასდროს გამოსულან, მაგრამ პოლიტიკური ფასადის უკან ყოველთვის იყო სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა - გამსახურდიათი დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული, საზოგადოებაში აღიქმებოდა როგორც სამართლიანი, კორუფციასთან მებრძოლი. ხომ გახსოვთ, ივანიშვილზე რომ ამბობდნენ, მაგას იმდენი ფული აქვს, ხელისუფლებაში გასამდიდრებლად არ მოვაო. სააკაშვილი ხომ საერთოდ ანტიკორუფციულ ტალღაზე მოვიდა. ქართველი ხალხის პროტესტის უკან ყოველთვის იდგა სოციალური პრობლემები, უბრალოდ, წინა პლანზე არ გამოჰქონდათ. რას ვუკავშირებთ დღეს ხელისუფლების შეცვლას?! ჩვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამართლიან მართლმსაჯულებას. უამისოდ რა აზრი აქვს ხელისუფლების შეცვლას?” - ამბობს ანალიტიკოსი.
“მუდმივად ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე, მაგრამ არასდროს გვიცდია, გაგვეგო, ვინ რას გულისხმობს ამაში. ეს საკითხი საზოგადოების ელექტორალურ ნაწილს სხვაგვარად ესმის, პოლიტიკურ ნაწილს სხვაგვარად იმიტომ, რომ მათ სხვადასხვა ინტერესი აქვთ. სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნა იოლი არ არის. ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ყოველთვის კორუფციული ელემენტებით იწყებოდა - იწყებოდა სახელისუფლებო ვერტიკალში ადგილების გათავისუფლება და საკუთარი ხალხით ჩანაცვლება. იყო სხვა ტიპის პრობლემებიც, მაგალითად, როდესაც “ნაცმოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, შეიქმნა ფონდები, სადაც ხალხს ძალით არიცხვინებდნენ ფულს და მერე სად ან როგორ ხარჯავდნენ, კაცმა არ იცოდა. გამსახურდია რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მბეჭდავიც კი არ დატოვა კანცელარიაში, ყველა გაათავისუფლა, იგივე გააკეთა შევარდნაძემაც და შემდეგ სააკაშვილმაც. “ოცნებამ” ნაწილი დატოვა, ნაწილი გაუშვა, მაგრამ დატოვეს იქ, სადაც არ უნდა დაეტოვებინათ, და გაუშვეს იქიდან, საიდანაც არ უნდა გაეშვათ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“ასე რომ, სანამ არ ჩამოვყალიბდებით, რა არის სამართლიანი, ობიექტურად არ შევაფასებთ მოვლენებს, არაფერი გამოვა - ხელისუფლებაში მოსულ ყველა ძალას თავისი სამართალი ექნება. რაც შეეხება კოალიციური მთავრობას, ოპოზიცია კი ლაპარაკობს კოალიციაზე, მაგრამ შინაარსისგან მთლიანად დაცლილია. კოალიციური მთავრობის არსი და ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების შემდეგ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ უნდა მიიღოს 50%+1 ანუ 71 მანდატი. მაშინ დადგება რეალური კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა. მე არ მესმის, რა კოალიციაზე ლაპარაკობს ოპოზიცია. გაიხსენეთ სააკაშვილის განცხადებები, ჰგავს ის ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ძალაუფლების გაყოფისთვის იქნება მზად? კოალიციამ არ იმუშავა არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის და არც “ოცნების” შემთხვევაში”, - თვლის რესპონდენტი.
“რა კოალიციაა, როდესაც მოგინდება, მაშინ რომ გაყრი სხვა პარტიის ლიდერებს? კოალიცია არის მაშინ, როდესაც მე სხვისი მანდატები მჭირდება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამ მოხდა ჩხოროწყუში. იქ დღეს მართლა კოალიციაა. საკმარისია ორმა დეპუტატმა, მაგალითად, გახარიას პარტიის ორმა წევრმა, გადაიფიქროს “ნაცმოძრაობისთვის” მხარდაჭერა, მეორე დღესვე ახალი კოალიცია ჩამოყალიბდება ან საერთოდ დაიშლება და ახალ თავმჯდომარეს დააყენებენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე” - “არ შეიძლება ჩხოროწყუს საკრებულოს მაგალითი პრეცედენტი გახდეს?” - პასუხობს:
“ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმუშავებს ოპოზიცია. ამ ამბავში “ოცნებაც” უნდა ჩაერთოს. “ნაციონალებმა” მიიღეს გახარიას პირობა, რომ მისი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარე. თუ “ოცნებაც” დათანხმდება ასეთ პირობას იქ, სადაც უჭირს, მაშინ ნორმალურად წავა პროცესი, მაგრამ თუ განაგრძობს იმაზე ლაპარაკს, ხომ გეუბნებოდით, გახარია “ნაციონალების” მოსყიდულიაო, მაშინ არაფერი გამოვა".